რუსთავი 2″-ის ცნობით, ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი გატეხეს. პარტიაში აცხადებენ, რომ შესაძლოა ოფისის კომპიუტერიდან ინფორმაცია იყოს წაღებული
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებს პარტიის ოფისი დილით გატეხილი დახვდათ. ღია იყო შიდა კარები და კარადები, ხოლო კომპიუტერი- ჩართული. პარტიაში ეჭვობენ, რომ ინფორმაცია არის წაღებული:
“მესამე სართულის კარი იყო შემტვრეული, მეორე სართულზე იყო ნაფეხურების კვალი. როგორც კი მოვედით, სამართალდამცავები გამოვიძახეთ, ცოტა დაგვიანებით მოვიდნენ, “- ამბობს სალომე მაქაცარია.
ლეილა ქებურიას თქმით, კორცხელის ინცინდენტის შემდეგ არ ჰქონიათ ილუზია, რომ არჩევნები მშვიდობიან რეჟიმში ჩაივლიდა:
“ჩვენ მთელი ოთხი წელია ძალადობისა და დაშინების რეჟიმში ვატარებთ კამპანიას. კეთილი ინებოს მთავრობამ, პირადად პრემიერ-მინისტრმა, და უზრუნველყოს უსაფრთხო და დემოკრატიული საარჩევნო გარემო,” – ამბობს ლეილა ქებურია.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს [სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია], რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.