ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე 10 აგვისტოს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისადმი გავრცელებულ მიმართვაში საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ნაციონალური მოძრაობის მიერ სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობას უწოდებენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო პოლიტიზებული ყველა სახელმწიფო სტრუქტურასთან და ინსტიტუტთან ერთად.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და თავმჯდომარის მოადგილე, გედევან ფოფხაძე აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი, გვევლინებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების დამცველად, რომლისთვისაც კანონზე მაღლა იდგა ყოფილი მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესები და სადაც წამყვან ძალას ამავე პარტიისთვის „განსაკუთრებით საიმედო“ პირველი კოლეგია წარმოადგენდა.
როგორც ბესელია და ფოფხაძე აცხადებენ, სწორედ პირველი კოლეგია იყო ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საქმის უპირობო განმხილველი, ვინაიდან, ბესელიასა და ფოფხაძის თქმით, პირველი კოლეგია დაკომპლექტებულია ერთი პოლიტიკური გუნდის წევრებით, რომლებიც წლების განმავლობაში ერთმანეთთან დაკავშირებული იყვნენ მეტად მჭიდრო სამსახურებრივი და პირადი ურთიერთობებით.
როგორც ბესელია და ფოფხაძე აცხადებენ, სასამართლოს თავმჯდომარისა და მასთან გამორჩეულად დაახლოებული რამდენიმე მოსამართლის მოქმედებების შინაარსი სრულად შეესაბამება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას და აშკარად გამოიკვეთა ზემოხსენებული პოლიტიკური ძალის უკანასკნელ საყრდენი წინასაარჩევნო ქაოსისა და „ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის“ შესაქმნელად. “სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს ჯგუფი წარმოადგენდა, რომელიც, „საკონსტიტუციო რევოლუციის“ სცენარის ჩაშლით გაწბილებული, კვლავ ცდილობს შეასრულოს პარტიული დავალება”, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიასა და მისი მოადგილის, გედევან ფოფხაძის მიერ გავრცელებულ მიმართვაში ქართული საზოგადოებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მიმართ.
ფოფხაძე და ბესელია იმედოვნებენ, რომ “სწორად გაანალიზდება მიმდინარე მოვლენები, რათა მსგავსი ინსტიტუციონალური პრობლემები ჩვენი ქვეყნის წინაშე აღარ დადგეს და გარანტირებული იყოს სახელმწიფო და კონსტიტუციური ორგანოების მოქმედება – მოქალაქეთა უფლებების დაცვის პრიორიტეტით, და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისადმი მსახურებით”.
განცხადების ავტორების თქმით, განცხადებაში საუბარია სასამართლოს თავმჯდომარე პაპუაშვილის ღია და პოლიტიკურ, თუმცა აშკარად პროვოკაციულ განცხადებებზე მოსამართლეთა მიმართ ზეწოლის თაობაზე:
“როგორც კი საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლემ შეძლო თავის დაღწევა პარტიული გავლენისგან, ვინაიდან ისინი მიხვდნენ, რომ შესაძლო დესტრუქციული მოქმედებებით საერთოდ შესაძლოა ქვეყანა ამოვარდნილიყო ნორმალური განვითარების კალაპოტიდან, და ყოფილ სახელისუფლებო გუნდს არ მისცეს საკუთარი თავით მანიპულირების საშუალება, მათ წინააღმდეგ მყისიერად ამუშავდა „ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო მანქანა.
კერძოდ, ორი კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა საარჩევნო პროცესში კოლაფსის შექმნას. გასაჩივრებული საარჩევნო ნორმების გაუქმების შემთხვევაში, რეალურად დარჩენილი მცირე დროის გათვალისწინებით, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.
სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ღია პოლიტიკური, თუმცა აშკარად პროვოკაციული განცხადებები მოსამართლეთა მიმართ ზეწოლის განხორციელების თაობაზე.
პერსონალური ზეწოლის ფაქტი არ დაადასტურა მთავარ საგამოძიებო ორგანოში დაკითხულმა არც ერთმა მოსამართლემ”, – ვკითხულობთ მიმართვაში.
ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე კონკრეტულ დარღვევებზე საუბრობენ: სასამართლოში ოფიციალურად შესული სარჩელების ფარულ ცვლილებაზე, პოლიტიკური მნიშნველობის მქონდე სარჩელების გამიზნულად ერთსა და იმავე მოსამართლეებისათვის განსახილველად გადაცემასა და “პოლიტიკურად საინტერესო სარჩელების უპრეცედენტოდ სწრაფ ვადებში” განხილვაზე:
სწორედ ზემოაღნიშნულ საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობის წერილში, რომლითაც მათ მიმართეს თავმჯდომარეს, რათა აღარ ყოფილიყო, ბესელიასა და ფოფხაძის შეფასებით, ასეთი სუბიექტური მიდგომები და სასამართლოს ემუშავა “მშვიდ, თანამიმდევრულ და არაფორსირებულ რეჟიმში, სადაც ყველა მხარისთვის დაცული იქნებოდა თანაბრობის პრინციპი”.
“საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა სრულიად მორგებული იყო ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დღის წესრიგს. კერძოდ, როდესაც ამ ოპოზიციური პარტიის მიერ გაწეული გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ამჟამინდელი ხელისუფლება იღებდა კონკრეტულ კანონებს პარლამენტში, რაც ითვალისწინებდა მთელი რიგი ინსტიტუციონალური რეფორმებისა და პრინციპული პოლიტიკური საკითხების დარეგულირებას, მაშინვე საქმეში ერთვებოდა საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც სწრაფად შედიოდა სარჩელი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების ან მათი წარმომადგენლების მიერ და ის ნაწილდებოდა „სანდო“ 1-ელ კოლეგიაზე. ეს უკანასკნელი კი ხშირად სასწრაფო წესით ჯერ შეაჩერებდა ამ კანონის მოქმედებას, შემდეგ კი ასეთივე ფორსირებულ რეჟიმში აუქმებდა გასაჩივრებულ კანონს. ასეთი მაგალითები მრავლადაა: საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის გაუქმება, რომლითაც უფლებამოსილება აღუდგა ძველ სამეურვეო საბჭოს და ხელოვნური კრიზისი შეიქმნა ამ ორგანოში (ვინაიდან ძველი შემადგენლობა ნაციონალური მოძრაობის მხრდამჭერებით დაკომპლექტებული გუნდი იყო და, შესაბამისად, ამ ორგანოზე გავლენას შეინარჩუნებდნენ); საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს კანონის გაუქმება, რითაც საშუალება არ მიეცა ამ ახალშექმნილ ორგანოს ამოქმედებულიყო (იმ მიზნით, რომ წინა ხელისუფლების მიერ არჩეულ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გ. ქადაგიძეს არ ჰყოლოდა მაკონტროლებელი ორგანო); ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ახალამოქმედებული, ძველთან შედარებით აშკარად უფრო მაღალი სტანდარტის და კონტროლის 2-გასაღებიანი სისტემა (იმ მიზნით, რომ სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტიანობა მაქსიმალურად შემცირებულიყო, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად არანაირი სტანდარტი ამ კუთხით არ არსებობდა და დანერგილი იყო ტოტალური და უკონტროლო მოსმენების სისტემა; ამ ახალი მოდელით კი გარე კონტროლის მექანიზმი შემოდიოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სახით) და ა.შ”, – ვკითხულობთ ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის განცხადებაში.
ბესელიასა და ფოფხაძის აზრით, “ასეთივე „წარმატებით“ აპირებდა ნაციონალური მოძრაობა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გ. პაპუაშვილი უკვე „აპრობირებული თანამშრომლობის“ გაგრძელებას, და რომ არა ბოლო პერიოდში პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებები (რომლებითაც პლენუმის უფლებამოსილება გაიზარდა და სხვ.), პრაქტიკულად ქვეყანა დგებოდა გარდაუვალი საკონსტიტუციო საბოტაჟის საფრთხის წინაშე, რასაც ხელოვნურად დაგეგმილი პოლიტიკური კრიზისი (თანამდევი შედეგებით) უნდა გამოეწვია”.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და მოადგილე იმედოვნებენ, რომ “აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი ობიექტური შეფასება, სწორად გაანალიზდება მიმდინარე მოვლენები, რათა მსგავსი ინსტიტუციონალური პრობლემები ჩვენი ქვეყნის წინაშე აღარ დადგეს და გარანტირებული იყოს სახელმწიფო და კონსტიტუციური ორგანოების მოქმედება – მოქალაქეთა უფლებების დაცვის პრიორიტეტით, და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისადმი მსახურებით”.