დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 53-ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის მიხეილ ალექსიძის მშობლის ლალი ლეკიშვილის სარჩელზე ძირითადი სხდომა გაიმართება.
ლალი ლეკიშვილი უკანონოდ გამოცემული დისციპლინარული კომიტეტის სხდომის ოქმის გაუქმებასა და დირექტორის, ტარას შავშიშვილის ბრძანების ბათილად ცნობას მოითხოვს.
ალექსიძის საქმეზე უკვე გაიმართა ორი მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც სარჩელის ფორმა, მოპასუხეთა წრე და სხვადასხვა საკითხები დაზუსტდა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ალექსიძე, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, გასული წლის 13 ოქტომბერს გაირიცხა სკოლიდან. იმავე დღეს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის მუხლით. ალექსიძე მოწმის სტატუსით დაიკითხა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს.
სკოლიდან ალექსიძის გარიცხვის ფაქტი კომენტარი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო გამოსვლისას მასზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“თქვენ ახსენეთ აქ ერთი ხულიგანი, რომელიც გარიცხეს 53–ე სკოლიდან იმისთვის, რომ დირექტორზე გაიქაჩა და მერე თქვა, რომ ვაკეში თუ არ ვისწავლი, ისე არსად არ ვისწავლიო. მე კარგად მახსოვს ეს ისტორია და მახსოვს იმიტომ, რომ ეს არის გამონაკლისი. 10 წლის წინ ასეთი ხულიგნები მართავდნენ სკოლებსა და კლასებს. ჩემი და თქვენი შვილები დადიან სკოლაში და არ გვეშინია, რომ ვინმე დანას და “სპიცს” გაუყრის და ეს იმიტომ, რომ ასეთი ხულიგნები აღარ არიან. ჩემი მიზანია, რომ სანამ ეს მე მომეკითხება, კრიმინალი არასდროს დაბრუნდეს საქართველოში და არასდროს დაბრუნდეს სკოლებში, ჩვენი სკოლები იყოს 100%–ით უსაფრთხო,” – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ამ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ლევან ვეფხვაძის მხრიდან დარბაზშივე მოჰყვა გამოხმაურება:
“ნებისმიერ ქვეყანაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგებოდა, როცა ის ბავშვს ხულიგანს უწოდებს,”–აღნიშნა ვეფხვაძემ.
სააკაშვილის შეფასებას ასევე გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ხულიგნობა საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, ხოლო პირი დამნაშავედ ითვლება მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღძრული სისხლის სამართლის საქმეში ალექსიძე მხოლოდ მოწმის სტატუსით დაიკითხა, შესაბამისად, პრეზიდენტმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.
მოგვიანებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სპეციალური ბრიფინგიც გამართა, სადაც ითქვა, რომ ალექსიძე ერთი თვეა აღდგენილია 77-ე სკოლაში და მოსწავლის მიღების სურვილს კიდევ ორი სკოლა გამოთქვამდა (მე-20 და 122-ე სკოლები)
ალექსიძის მშობელი ლალი ლეკიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის არავის უცნობებია მიხეილის სკოლაში აღდგენის შესახებ და განათლების სამინისტრომ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება.
“მე ექსტერნად სწავლასთან დაკავშირებით მივმართე რესურს-ცენტრს, რომ ბავშვს გამოცდები ჩაებარებინა 53–ე სკოლაში, ისინი დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ექსტერნის გამოცდებს ბავშვი ჩააბარებდა #77 სკოლაში. ამის მიზეზი არ აუხსნიათ, დოკუმენტიც მაქვს რესურს–ცენტრისგან, რომ მხოლოდ გამოცდები გადაგვიტანეს, ბავშვი იმ სკოლაში ჯერ არ მისულა და არც გამოცდები ჩაუბარებია”
ლეკიშვილი ასევე უარს აცხადებს სამინისტროს შეთავაზებაზე და მასზე მას შემდეგ დათანხმდება, რაც სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს.
“მე დავთანხმდები ყველა საჯარო სკოლას, რომელსაც ჩემი შვილი აირჩევს, მხოლოდ ერთი პირობით, თუკი ჩემი სარჩელი, რომელიც მოითხოვს უკანონო გარიცხვის ბრძანების ბათილად ცნობას, დაკმაყოფილდება და ჩემს შვილზე ამ ბინძური ბრალდების მოხსნას მივაღწევ. რად მინდა მე პირადი საქმე ბინძური და ცრუ ბრალდებით, მე ჩემს შვილს კანონიერად უნდა მოვუხსნა უკანონო გარიცხვის ბრძანება და როცა 53–ე სკოლაში აღვადგენ, ჩემმა შვილმა უნდა გადაწყვიტოს, რომელ სკოლაში მოინდომებს სწავლას. სიამოვნებით წავიყვან მიხეილს 77–ე სკოლაში.”- აღნიშნავს ლეკიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.
სხდომა 10 საათზე დაიწყო.
