ახალი ამბები

როგორ აპირებენ პარტიები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

8 აგვისტო, 2016 • 4971
როგორ აპირებენ პარტიები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ (NDI) ივნისში გამოქვეყნებული ბოლო კვლევის თანახმად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ჩამონათვალში მესამე ადგილზეა. “ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, თუ როგორ აპირებენ პოლიტიკური პარტიები არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ პრობლემის მოგვარებას მაშინ, როცა დღეს 8 წელიწადი შესრულდა, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაცია განახორციელა:

“ქართული ოცნების” გეგმები გიორგი ვოლსკიმ გაგვაცნო:

“ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვოლსკის მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ არის ის საკითხი, რომელიც მხოლოდ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიასა და კონკრეტულად, საქართველოში რუსეთის ბაზების არსებობა არის გლობალური მასშტაბის პრობლემების სეგმენტი, სადაც, ერთი მხრივ, დასავლეთის — ევროკავშირის, აშშ-ის, — და მეორე მხრივ, რუსეთის, ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება.

25063“ეს საკითხი დაკავშირებულია გლობალურ სტრატეგიასთან, რასაც რუსეთი ახორციელებს, რათა კონტროლი დააწესოს ერთადერთ ალტერნატიულ დერეფანზე, რომელიც ენერგორესურსების მიწოდებისთვის არის ვარგისიანი კასპიის რეგიონიდან დასავლეთის მიმართულებით. ასე რომ, აქ იკვეთება მსოფლიო პოლიტიკურ ავანსცენაზე გლობალური მოთამაშეების დაპირისპირება”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბრისას გიორგი ვოლსკი.

რა უნდა ქნას საქართველომ? – ამ კითხვაზე გიორგი ვოლსკი ასე პასუხობს: “საქართველომ უნდა შეარჩიოს სწორი პოზიცია, სწორი მოკავშირეები და უნდა განახორციელოს სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებებს”.

“როდესაც ვამბობთ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მნიშვნელოვანია და საჭიროა ტერიტორიული მთლიანობის მოსაგვარებლად, კეკლუცობისთვისა და ვინმესთვის თავის მოსაწონად კი არ ვამბობთ. ეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, — და ტერიტორიული საკითხების მოგვარების აუცილებლობიდან გამომდინარე. საქართველოს ინტერესები ემთხვევა ჩვენი ევროატლანტიკური ოჯახის ქვეყნების ინტერესებს. ჩვენი ინტერესები ვერ იქნება ევრაზიული კავშირში იმიტომ, რომ მათი ინტერესი არ ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეკონომიკურ განვითარებასა თუ პოლიტიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას”, – მიიჩნევს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი.

გიორგი ვოლსკის თქმით, თუკი საქართველოს განვიხილავთ გარკვეულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ ოჯახში, მაშინ ჩვენ გვაქვს პერსპექტივა, მოვაგვაროთ კონფლიქტები. “ამისათვის სწორი გზა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო მიჰყვება, არის ინტენსიური გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. მცირე ფორმატში, მაგრამ მაინც, მოლაპარაკებები რუსეთთან და განვითარების იმ ხაზზე ფიქრი, როდესაც ხელმისაწვდომი და მიმზიდველი იქნები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისათვის”, – ამბობს გიორგი ვოლსკი. მისი აზრით, ამ მიმართულებით ჯერჯერობით პირველი ნაბიჯებია გადადგმული, ვინაიდან “სამი წელი და რამდენიმე თვე ძალიან ცოტა იყო რეალიზაციისათვის”. “მაგრამ 100 კმ გაქვს გასავლელი თუ 1 კმ, პირველი ნაბიჯები გადასადგმელია. ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ”, – ფიქრობს გიორგი ვოლსკი.

ენმ–ის ხედვებზე გიგი წერეთელმა გვიამბო:

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მთავარია, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად იყოს მსოფლიოს პოლიტიკურ დღის წესრიგში. “მნიშვნელოვანია ჩვენი სამუშაო, რომ სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო რეზოლუციებში, დოკუმენტებში მუდმივად იყოს აქცენტირებული ეს საკითხი. ეს იქნება გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო თუ სხვა და სხვა. ინსტიტუტები, რომლებიც ყოველდღიურად ახდენენ მნიშნვლოვანი თემების აქტუალიზებას, ეს უკავშირდება არაღიარების პოლიტიკასაც, რომელიც ასევე აქტიურად არის საწარმოებელი, იმიტომ, რომ რუსეთი და სეპარატისტული რეჟიმები საპირისპირო პოლიტიკის განხორციელებას ცდილობენ”, – ამბობს წერეთელი.

გიგი წერეთელი

გიგი წერეთლის თქმით, ენმ-ში პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე ფიქრობენ, რადგან, მისი შეფასებით, საქართველოს “ნამდვილად არ ძალუძს ძალით მოაგვაროს რაიმე”. მისი აზრით, პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება კონტაქტების დამყარება, “ნდობაზე მუშაობა” აფხაზებთან და ოსებთან.

“მართალია, ადგილობრივი ხელისუფლება იქ ბევრს ვერაფერს წყვეტს, რადგან მთლიანად კონტროლირებადია რუსეთის მხრიდან, მაგრამ დღეს აფხაზეთში მყოფი მოსახლეობაც და გარკვეული პოლიტიკური ძალებიც ხვდებიან, რომ რუსეთს არავითარი სიკეთე არ მოაქვს მათთვის”, – ამბობს გიგი წერეთლი. მისი თქმით, კონტაქტები და მათი ძიება საჭიროა, მაგრამ მთავარი, რასაც ენმ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გააკეთებს, იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეკონომიკური განვითარება, “რა შემთხვევაშიც ინტერესი და მიმზიდველობა [ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის] საქართველოში გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე რუსეთში”.

გიგი წერეთელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების წინააღმდეგი არ არის. თუმცა, მისი თქმით, თუკი საქართველოს ექნება რუსეთთან საუბარი, ეს უნდა ეფუძნებოდეს “ძირითად ამოცანას – საქართველოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას, ხალხის სურვილს, ცხოვრობდეს არა რუსეთში, არამედ მასთან კეთილმეზობლურად”.

“დეოკუპაცია რთული პროცესია. დღეს თუ ვინმე იტყვის, რომ ხვალ მოვალთ ხელისუფლებაში და ხვალვე დეოკუპაცია განხორციელდება, ძალიან ძნელია”, – გვეუბნება გიგი წერეთელი და დასძენს, რომ სასურველია, ორი პროცესი დაემთხვეს ერთმანეთს — ცვლილებები საქართველოში უკეთესობისკენ და “რუსეთის, როგორც ექსპანსიონისტის, დამპყრობლის დასუსტება”.

“ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელში არ არის მხოლოდ და ამას სჭირდება ძალიან სერიოზული ზეწოლა, იქნება ეს ეკონომიკური სანქციები თუ სხვა ზომები. ის, რომ რუსეთმა ეკონომიკურად ვეღარ შეძლოს ომი, შენარჩუნება ოკუპაციის და ა.შ, შეიძლება უფრო რეალისტური იყოს თანამედროვე ტენდენციების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში შანსი გაცილებით მაღალია, რომ იმ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა ამოიღონ ხმა და გადაწყვეტილებაც მიიღონ, რომ რუსეთს კი არ უერთდებიან, მათ სურთ საქართველოსთან ერთად გააგრძელონ სხვა ცივილიზებული სამყაროსკენ”, – ამბობს გიგი წერეთელი.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – დავით თარხან-მოურავი

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე, დავით თარხან-მოურავი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შანსი “ჯერ კიდევ არსებობს”, მაგრამ ქართველებმა უნდა გაიაზრონ, რომ გავიდა დიდი დრო, რომლის განმავლობაშიც “ორი თაობა აღიზარდა”. მისის შეფასებით, ამ თაობებმა  “არ იციან, რა არის საქართველო და არ იციან, ვინ არიან ქართველები, წარმოდგენა არა აქვთ ქართულ ენაზე”.

დავით თარხან-მოურავი მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპაციის პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია “იმ დიდი იმპერიების მონაწილეობის გარეშე, რომელთა ინტერესებიც იკვეთება. “შეუძლებელია საკითხი გადაიჭრას, თუ საერთო ენა რუსეთთან არ მოიძებნა, თუ ამაში არ მიიღო მონაწილეობა ამერიკამ და ევროპამ. ყველას თანამონაწილეობაა საჭირო. ყველა მხარემ თავისი ინტერესები მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს”, – ამბობს თარხან-მოურავი.

13316

მისი თქმით, რუსეთს აინტერესებს ენერგეტიკული პროექტები, შავი ზღვის შელფი, საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება ქვეყნის დაზიანების გარეშე, დასავლეთს კი, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.

“საქართველოს დეოკუპაცია მიუღწეველი იქნება კომპლექსური მიდგომის გარეშე. რუსეთი დეოკუპაციაზე არ წავა, სანამ ყველა სადავო საკითხი კომპლექსურად არ გადაიჭრება. ჯერ უნდა მივაღწიოთ, რომ ყველა მხარემ დააფიქსიროს საკუთარი ინტერესები. თუ ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვა, უნდა მოვძებნოთ კომპრომისები, რაღაცაზე უნდა ვთქვათ — “შეუძლებელია”, რაღაცაზე — “შესაძლებელია”. თუ კომპრომისის მოძებნა რუსეთს არ სურს, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ძალას, რაც პრობლემას მოაგვარებს”.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი მიიჩნევს, რომ “როგორც მინიმუმ, საქართველომ აფხაზეთთან უნდა დაიწყოს თუნდაც ცალმხრივი ეკონომიკური ინტეგრაცია”:

“გავუხსნათ მათ კარები ყველა, სოციალური, სამეციდინო, ეკონომიკური თვალსაზრისით. უნდა გავუხსნათ კარები, ეს ჩვენ შეგვიძლია რუსეთის, ამერიკისა და ყველას გარეშე გავაკეთოთ. მათთვის უნდა გავხდეთ საინტერესო, უნდა გაჩნდეს რაც შეიძლება მეტი კავშირი სოციალურ-ეკონომიკური, სამეცნიერო კუთხით”, – ამბობს თარხარნ-მოურავი.

მისი თქმით, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ტაქტიკა ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების ლობირებას რუსეთში:

“მოსკოვშიც უნდა იმუშაო, რომ გაიჩინო საქართველოს ინტერესების დამცველები რუსეთის დუმაში. ამ კუთხით არავინ მუშაობს. უნდა იმუშაო მოსკოვში, ბრიუსელში, სტრასბურგში, ვაშინგტონში, სოხუმში, ცხინვალში. ყველგან უნდა იმუშაო იმაზე, რომ იქ გაჩნდნენ შენი მხარდამჭერები. სხვადასხვა გზებით — ნათესაობით, მეგობრობით, ნაცნობობით, ფულით, უფულოდ, ისე უნდა გააკეთო, რომ ყველა ამ ქალაქში გაჩნდეს ხალხი, ვინც შენი ინტერესის დამცველი ხდება”, – ამბობს “პატრიოტთა ალიანსის” თავმდჯომარე.

“თავისუფალი დემოკრატები” – ვიქტორ დოლიძე

ვიქტორ დოლიძის აზრით, დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან და პარტნიორ ქვეყნებთან: “უნდა გაგრძელდეს ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების პროცესი და საერთაშორისო ფორმატი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა, ოკუპაციის ხაზს მიღმა არსებული ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესება და მათი დაბრუნების საკითხი, ისევე, როგორც საკუთრების სრული უფლების დაცვა”, – ამბობს დოლიძე.

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა გამოინახოს საერთო და პირდაპირი კომუნიკაციები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. “ჩვენ უნდა დავიბრუნოთ პირველ რიგში ხალხი და შემდეგ – ტერიტორიები. ჩვენ მხოლოდ ტერიტორიები არ უნდა დავიბრუნოთ. და თუკი გვინდა რაიმე კონკრეტულის გაკეთება, მათთან პირდაპირი დიალოგის გარეშე ეს გამორიცხულია. ამიტომ ჩვენ დაგვჭირდება ოსებთანაც და აფხაზებთანაც ამ ნაბიჯების გადადგმა”, – უთხრა ვიქტორ დოლიძემ “ნეტგაზეთს”.

"თავისუფალი დემოკრატების" IV ყრილობაზე სპორტის სასახლეში. 16.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა, რუსეთთან რომ არის გამოსანახი საერთო ენა, მგონი, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ის, რომ მთავარი გასაღები დევს ჩვენს ინტეგრაციაში დასავლურ ფასეულობებთან და რაც შეიძლება დროულ ინტეგრაციაში ნატოსა და ევროკავშირში, მეორე მხრივ, მეორე გასაღები დევს მოსკოვში. მათთან [რუსეთთან] აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ დიალოგი, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს დიალოგი არ უნდა მიმდინარეობდეს მხოლოდ ერთი-ერთზე რუსეთთან, არამედ საერთაშორისო აქტორების პროაქტიური მონაწილეობით. ჩვენ ერთი-ერთზე რუსეთთან რომ დავრჩით, ვნახეთ, რა შედეგიც მივიღეთ. ამის გაკეთება, ბუნებრივია, დაუშვებელია. თუმცა, თუკი რაიმე ხელშესახები გვექნება, რომ ადეკვატურობაზე ოდესმე დაიწყებს რუსეთი საუბარს, რა თქმა უნდა, ყველა ფორმატი გამოსაყენებელი იქნება. რუსეთთან მარტო დარჩენა არაფრით არ შეიძლება, ამიტომაც არის ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანი”, – აცხადებს დოლიძე.

ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა კეთილდღეობაზე ზრუნვაც. მისი აზრით, კარგი იქნება, თუკი ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლები: “ეს ძალიან კარგი იქნება და არავინ არ უნდა აუკრძალოს მათ ეს და პირიქით, თუკი რუსეთი არ აუკრძალავს და ადგილზე პრობლემა არ ექნებათ, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ხელი უნდა შევუწყოთ”, – ამბობს დოლიძე. ის იხსენებს ზუგდიდში მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობას, მსგავს ინიციატივებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სწორედ ასეთი პოლიტიკას გაგრძელება სურს:

“ეს ძალიან კარგია, სწორია და მე, მაგალითად, მსგავს ინიციატივებს აუცილებლად გავაგრძელებდი, — ჯანდაცვის სფერო იქნება ეს, სოციალური თუ სხვა.  მაგრამ კონკრეტულად რა ბენეფიტები და როგორ, რთულია შორიდან ამაზე საუბარი. უნდა იყო საჭესთან და იქიდან გამომდინარე გამოიტანო დასკვნები, სწორი ტაქტიკა აარჩიო, რომელ სფეროებზე გააკეთებ კონცენტრაციას”, – ამბობს ვიქტორ დოლიძე “თავისუფალი დემოკრატებიდან”.

“სახელმწიფო ხალხისათვის” – ლადო კახაძე

როგორც პაატა ბურჭულაძის მოძრაობის, “სახელმწიფო ხალხისათვის” წევრი ლადო კახაძე ამბობს, მოძრაობა “სტრატეგიულად არაფერს არ დათმობს ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხარჯზე”.

“ჩვენ პირველ ადგილზე ვაყენებთ დიპლომატიას. ეს ცალსახაა, – არა ომს, არა იარაღს. ეს არის ჩვენი პარტიის სტრატეგიული ხედვა. ყველაფრის მოწესრიგება შეიძლება დიპლომატიით იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეა. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ძალისმიერი მეთოდების გამოყენების შედეგად და არაფერი ამით არ გადაწყვეტილა”, – უთხრა ლადო კახაძემ “ნეტგაზეთს”.ლადო კახაძე

ლადო კახაძის თქმით, მოძრაობის, “სახელმწიფო ხალხისათვის” სტრატეგიული ვექტორი ევრო-ატლანტიკური სივრცეა: “როდესაც ოპონენტები გვეკითხებიან, – რატომ ასე ცალსახად,  ჩვენ მათ ვაგონებთ ისტორიას და ნდობის ფაქტორს. ამ ნდობის ფაქტორის მოპოვება იმ მხარეზეა, ვინც ჩვენთან ეს ნდობა დაარღვია. ეს არის ჩვენი უპირობო შეთავაზება მსოფლიოსათვის”.

ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანას, რომელიც დიპლომატიის ენაზე ილაპარაკებს, “სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გამოყენების საუკეთესო ვარიანტი ექნება მისი სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის”.

“ჩვენ არ ვეძებთ მტრებს. ჩვენ ვკვეთავთ ჩვენს პოზიციას სამოყვროდ, მაგრამ ამაში უნდა იქნეს ცალსახად გამოკვეთილი – ვინ დააშავა ერთმანეთთან. მთელი მსოფლიო, რომელიც საქართველოს მხარეს დგას, არაღიარების პოლიტიკას ემხრობა, მხარს გვიჭერს პირდაპირ დიალოგზე აფხაზ და ოს ძმებთან, მაგრამ რუსეთის თანამონაწილეობით. ამ დროს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე – ევროკავშირი და ამერიკა გვიმშვენებს და გვიმაგრებს მხარს”, – ამბობს ლადო კახაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“პაატა ბურჭულაძის პარტია ცალსახად ადასტურებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის ოლქი დღესაც ჩვენი ტერიტორიაა, დღესაც იქ ჩვენი მოსახლეობა ცხოვრობს, ამიტომაც ჩვენ პასუხისმგებლობები არ მოგვიხსნია მათ მიმართ. ყველაფერს ვთავაზობთ ჩვენს ორბიტაზე გადმოსასვლელად: სოციალურ, საგანმანათლებლო, ჯანმრთელობის პროექტებში, სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილეობას, საინვესტიციო და ლიბერალურ პოლიტიკაში მონაწილეობას, ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებით სარგებლობას”, – ამბობს ლადო კახაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი