ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას  დღეს,სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, 2016 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილი გააცნეს.

კვლევის მიხედვით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლები ნაკლებად პოზიტიურად უყურებენ ქვეყნის მდგომარეობას, ხოლო გადაწყვეტილი ამომრჩევლები უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, რომ ხელისუფლება ახორციელებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს და რომ ცხოვრების პირობები მათ ქალაქებსა და სოფლებში გაუმჯობესდა.

“გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ხმების მოსაპოვებლად კანდიდატებმა სასწრაფოდ უნდა გააუმჯობესონ ამომრჩეველთან კომუნიკაცია,” – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

გამოკითხულების აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხებია სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, ფასების ზრდა, პენსიები.

კვლევის მიხედვით, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით გაუმჯობესდა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება (55%), სიტყვის თავისუფლება (42%), განათლება (25%), ხოლო გაუარესდა ფასების ზრდის კუთით არსებული ვითარება (86%), სიღარიბე (62%), კრიმინალი (57%).

გადაწყვეტილი ამომრჩევლის 47% და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 39% მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.

ივნისის მონაცემებით, გამოკითხულთა 63% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს – მათ შორის 71 % ქალია.

თუმცა გამოკითხულთა 26% ელის, რომ მომავალი 12 თვის განმავლობაში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ხოლო 44% ცვლილებას არ ელის. გადაწყვეტილი ამომრჩევლის მოლოდინი კიდევ უფრო მაღალია.

პრეზენტაციაზე წარმოადგინეს ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, მედიასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული მიგნებები. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *