პროკურატურა გიორგი პაპუაშვილს მიმართავს, პროკურატურაში გამოცხადდეს

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს საკონსტიტუციო  სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს გაუგზავნა შეტყობინება მისთვის სასურველ  დროს პროკურატურაში გამოცხადების შესახებ:

“მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის  განხორციელების ფაქტებზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური  ინფორმაციის მისაღებად.  გიორგი პაპუაშვილის მიერ დეტალური ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს  პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას,” -აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

უცნობია, შეხვდება თუ არა პრემიერ-მინისტრი გიორგი პაპუაშვილს. ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი დაუყოვნებლივ ესაუბრა გიორგი პაპუაშვილს და ვითარებას გაეცნო.