აღსრულების ბიუროსთან მომხდარი ინციდენტის გამო ერთი პირს ბრალი წარუდგინეს

შს სამინისტროს  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 39 წლის მიხეილ ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1966 წელს დაბადებულმა ავთანდილ ანთაძემ თბილისში, აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ნაცნობი – 1972 წელს დაბადებული არჩილ მამაგეიშვილი დაჭრა, ხოლო არჩილ მამაგეიშვილის თანმხლებმა მიხეილ ვ-მ, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავად ავთანდილ ანთაძე დაჭრა. არჩილ მამაგეიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავთანდილ ანთაძე კი კლინიკაში, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

ავთანდილ ანთაძე 2004 წელს შს მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო არჩილ მამაგეიშვილი – ყოფილი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

სამართალდამცველებმა მიხეილ ვ. თბილისში, შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე და 108-ე მუხლებით).