როგორ და რატომ უნდა აეკრძალოთ საჯარო მოხელეებს სიძულვილის ენის გამოყენება

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების, მათთან აფელირებული ორგანიზაციების, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების მხრიდან 2014-2016 წლებში სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციული გამოხატვების 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

კვლევის მიხედვით, 2014-2016 წლებში სიძულვილის ენის გამოყენებაში შემჩნეული არიან შემდეგი საჯარო პირები:

“აშკარაა, რომ უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებაში დამკვიდრებული არატოლერანტული დამოკიდებულების ფონზე, სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან მსგავსი განწყობების გამოვლენა განსაკუთრებით საგანგაშოა და შეუწყნარებლობის კიდევ უფრო მეტად გაღვივების საშიშროებას ქმნის, ეს კი საბოლოოდ ძირს უთხრის დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც, საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით საჯარო გამოსვლებისას, ეკისრებათ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა და თავშეკავების ვალდებულება”, – ვკითხულობთ კვლევაში.

რეგულაციებისა და თვითრეგულირების მექანიზმების არსებობა მიაჩნია სიძულვილის ენის გამოყენების პრობლემის გადასაჭრელ სწორ გზად “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” წარმომადგენელს, გიორგი მშვენიერაძეს.

“სწორად მიგვაჩნია გარკვეული რეგულაციების არსებობა საჯარო სამსახურის კოდექსში. კონკრეტული ჩანაწერები გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, რომ სიძულვილის ენის გამოყენება გამოიწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას. მეორე მხირვ, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც არ არიან მაღალი თანამდებობის პირები, თავისუფალნი უნდა იყვნენ დასჯადობისაგან, თუმცა თავად პოლიტიკურმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა და შექმნან თვითრეგულირების მექანიზმები და ამ საკუთარი, შიდა მექანიზმით შეზღუდონ სიძულვილის ენის გამოხატვა. პოლიტიკურმა პარტიებმა თავად განიხილონ საჩივრები და განიხილონ, მისმა წევრმა, მისმა ლიდერმა, დაარღვია თუ არა აღნიშნული სტანდარტი და გამოიყენა თუ არა სიძულვილის ენა”, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” დირექტორი.

GDI-ის კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო “რუმსში” გაიმართა. რეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები დაესწრნენ. 18.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

კვლევაში ვკითხულობთ, რომ სიძულვილის ენის შეზღუდვის დასარეგულირებლად ზოგიერთ საჯარო დაწესებულებას (აუდიტის სამსახური, პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსი, განათლების სამინისტროს ეთიკის კოდექსები და ა.შ) უკვე აქვს შემუშავებული ეთიკის კოდექსი ან თანამშრომელთა სახელმძღვანელო და ცალკეულ შემთხვევებში სიძულვილის ენის აკრძალვას უწყებები შინაგანაწესში ან დებულებაში ითვალისწინებენ.

მიუხედავად ამისა, GDI-ის იურისტის, ნათია იმნაძის, თქმით, “როგორც აღმოჩნდა, პრაქტიკაში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა იმისა, რომ მუშაკი დასჯილიყო სიძულვილის ენის გამოყენებისთვის”.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, GDI-ს კვლევის პრეზენტაციის შემდეგ დისკუსიაზე აღნიშნა, დისციპლინურ წარმოებას საჯარო ინსტიტუტებზე ხშირად საჯარო სკოლებში მასწავლებლები იყენებენ.

“როგორც ვიცით, საჯარო სკოლებში სიძულვილს ენის ან დისკრიმინაციული გამონათქვამისთვის არც ერთი მასწავლებლის ან დირექტორის პასუხისმგელობა არ დამდგარა, თუმცა ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია არაერთი შემთხვევა, როდესაც ასეთ გამონათქვამებს ჰქონდა ადგილი”, – დაადასტურა GDI-ის იურისტმა, ნათია იმნაძემაც.

სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის მიზნით GDI-ს ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ კვლევის პრეზენტაციაზე მოსულ პოლიტიკოსებს შესთავაზა რეგულაციების ჩამოყალიბებეზე ერთობლივი მუშაობა:

“თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოყოს თითო წარმომადგენელი. შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, ჩვენ უზრუნველვყოფთ ქალაქგარეთ მათ სამუშაო ფორმატში გაყვანას და ერთად ვიმუშავებდით იმ რეგულაციების ჩამოყალიბებაზე, რომელსაც შემდგომში ყველა პოლიტიკური პარტია ხელს მოაწერდა და ისინი ამას არ დაარღვევდნენ”, – იმედოვნებს მშვენიერაძე.

“ზოგადად, სიძულვინის ენის გამოყენება არის საზოგადოების პრობლემა. საჯარო მოხელეები ამ საზოგადოების წევრები არიან. რაც საზოგადოებაში ჩვეულებრივი ამბავია, ისინი ისევე იქცევიან, როგორც იქცევიან საზოგადოებაში”, – თქვა მედიასთან საუბრისას პარლამენტის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ.

“რაც მეტს ვილაპარაკებთ ამ საკითხებზე, უფრო ქმედით ნაბიჯებს გადავდგამთ მის მოსაგვარებლად”, – თქვა “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, თამარ კორძაიამ, რომელიც ასევე ესწრებოდა GDI-ს კვლევის პრეზენტაციას.

“ცოტა ხნის წინ პარლამენტმა მიიღო “თავისუფალი დემოკრატების” ინიციატივით საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ქცევის წესები, რომელშიც ცალკე თავად არის გამოყოფილი სიძულვილის ენის დაუშვებლობა საარჩევნო კამპანიის დროს. ეს არის სტანდარტი, რომლისკენაც ჩვენ უნდა მივდიოდეთ. სიძულვილის ენა აღმოფხვრილი უნდა იყოს როგორც საჯარო სივრციდან, ისე სასწავლებებში და სხვაგან. ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოების სტანდარტი”, – ამბობს შალვა შავგულიძე, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი.

“საქართველო ვერ განვითარდება, თუ საჯარო მოხელეები არ შეწყვეტენ სიძულვის ენის გამოყენებას საკუთარი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ”, – უთხრა მოგვიანებით ჟურნალისტებს ჩიორა თაქთაქიშვილმა.

სიძულვილის ენის აღმოსაფხვრელად GDI პოლიტიკურ პირებსა და საჯარო მოხელეებს შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს.