სამნიძე არ ამბობს, დაუპირისპირდებიან თუ არა “რესპუბლიკელები” ივანიშვილს

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას პასუხი არ გასცა კითხვას – დაუპირიპირდებიან თუ არა წინასაარჩევნო პროცესში “რესპუბლიკელები” ივანიშვილს.

ინგა გრიგოლიამ ხათუნა სამნიძეს ბიძინა ივანიშვილის შესახებ რამდენჯერმე ჰკითხა, თუმცა სამნიძემ არც ერთხელ უპასუხა.  გრიგოლია დაინტერესდა, იქნებოდა  თუ არა “რესპუბლიკელების” წინასაარჩევნო პათოსი  – “საქართველო ივანიშვილის გარეშე”, რაზეც პასუხი ვერ მიიღო.  გრიგოლიას განცხადებით, ყველაფერ იმაზე, რაზეც “ქართულ ოცნებას” “რესპუბლიკელებმა” პასუხი უნდა მოსთხოვონ, “რესპუბლიკური პარტიაც” პასუხისმგებელია. ჟურნალისტი დაინტერესდა, რა თემაზე დაუპირისპირდებიან ისინი “ქართულ ოცნებას”:

“ჩვენი ბრძოლა არის ჩვენი ფასეულობებისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის, რისთვისაც შეიქმნა ეს პარტია და არსებობს უკვე 39 წელია. ჩვენ ვითავისებთ და ვიაზრებთ ყველა იმ წარმატებას და წარუამტებლობას, რაც ამ წლების მანძილზე “ქართულ ოცნებასთან” ერთად გვქონდა. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ.  არ ვამბობთ, რომ აქამდე დაშვებული შეცდომა თუ მიღწეული წარმატება ჩვენგან განყენებულად ხდებოდა და ჩვენ ჩართული არ ვიყავით . ჩვენ ღიად და გულწრფელად ვილაპარაკებთ, სად მივაღწიეთ წარმატებებს,”- განაცხადა სამნიძემ და აღნიშნა, რომ ისინი კოალიციურ ხელისუფლებაში ცოტა წევრით იყვნენ წარმოდგენილი, 10 დეპუტატით და სამი მინისტრით.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო კამპანიის ლიდერი დავით უსუფაშვილი იქნება. ამის შესახებ განცხადება ხათუნა სამნიძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.