AFP: საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი პარტნიორია და არა საფრთხე

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალება სააგენტო “ფრანც-პრესზე” დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა,ვარშავაში ყოფნისას განაცხადა, რომ “რუსეთი პარტნიორია და არა საფრთხე”.

“ნატოს არავითარი როლი არა აქვს, განსაზღვროს, თუ როგორი უნდა იყოს ევროპის ურთიერთობები რუსეთთან. საფრანგეთისთვის რუსეთი არ არის მოწინააღმდეგე, არ არის საფრთხე”, –  გამოცემა “ვორლდ ბიულეტენის” ცნობით, ეს განცხადება ფრანსუა ოლანდმა ვარშავაში ვიზიტისას გააკეთა.

— AFP news agency (@AFP) July 8, 2016

“რუსეთი პარტნიორია, რომელიც, მართალია, ზოგჯერ ძალას იყენებს, როგორც უკრაინაში, რისთვისაც დავგმეთ”, – გამოცემა “ალარაბიას” ცნობით, ასე განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

8-9 ივლისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ნატოს სამიტი მიმდინარეობს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს 58 ოფიციალური დელეგაცია ესწრება. მათ შორის არის ნატოს 28 მოკავშირე და მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად გახდება ალიანსის წევრი. საქართველო 26 პარტნიორ ქვეყანას შორის არის წარმოდგენილი.