კორუფციის ბრალდებით პროკურორი დააკავეს

იუსტიციის სამინისტრო დღეს, 13 თებერვალს, ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კორუფციის ბრალდებით, დაკავებულია მთავარი პროკურატურის პროკურორი კახა ცნობილაძე.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო შემოსავლების მიღების მიზნით კახა ცნობილაძემ შექმნა საკუთარი იურიდიული კომპანია, სადაც იურიდიული მომსახურების მისაღებად ამისამართებდა თავის წარმოებაში არსებულ საქმეებში ბრალდებულის სტატუსის მქონე პირებს და მათთვის საშეღავათო პირობების დაპირების სანაცვლოდ, იღებდა ფულად გასამრჯელოს.

”ჩვენ ვართ მიუკერძოებელნი საკუთარი უწყების თანამშრომელთა მიმართ, რითაც ვიცავთ საზოგადოების ინტერესებს,” – აცხადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.