ქართულმა მხარემ აფხაზურს 27 GB მოცულობის საარქივო მასალები გადასცა

ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდზე ქართულმა მხარემ აფხაზურს აფხაზეთის ისტორიის ამსახველი 27 გიგაბაიტის მოცულობის მასალები  – დოკუმენტები და კინოქრონიკები გადასცა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ აფხაზურ მედიას განუცხადა.

“ეს ღირებული მასალა ელექტრონული ფორმით ოფიციალურად გადაეცა სახელმწიფო არქივს, მეცნიერებათა აკადემიას, ჰუმანიტარული კვლევების აფხაზურ ინსტიტუტსა და სახელმწიფო მუზეუმს.  ასე რომ, ამ კუთხით მუშაობა გრძელდება, თუმცა საუბარი არ არის ჯერ იმის შესახებ, რომ საქართველოდან დელეგაცია აფხაზეთში ჩამოვიდეს. ჩვენ განვიხილავთ ორი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც საარქივო მასალების გადაცემის თაობაზე საკოორდინაციო საკითხებზე იმუშავებს”.

ჩირიკბას განცხადებითვე, აფხაზეთის სახელმწიფო არქივის ხელმძღვანელი რომან გვინჯია “უკვე ორჯერ იმყოფებოდა ჟენევაში და საქართველოდან თავის კოლეგას შეხვდა. იქ განიხილებოდა საკითხები, რომლებიც აფხაზეთის შესახებ საარქივო მასალების გადაცემის ოპტიმიზაციას შეეხებოდა”.

“იქ ძალიან მდიდარი არქივიებია კავკასიისა და, კერძოდ, აფხაზეთის ისტორიის შესახებ. ისინი დაუზარებლად იღებენ ამ მასალების ასლებს და გვაძლევენ”.

ჟენევის მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდი 2016 წლის 14-15 ივნისს გაიმართა.

ქართულმა მხარემ აფხაზეთის დელეგაციას ღირებული საარქივო ვიდეოჩანაწერები ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდებზე 2015 წელს გადასცა.