ცხინვალში დენი და გაზი გაძვირდა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფები დაწესდა: ელექტროენერგიის ღირებულება 1 რუბლი და 49 კაპიკიდან 2 რუბლ და 69 კაპიკამდე გაიზარდა (დაახლოებით 15 თეთრი), 1 კუბური მეტრი გაზი კი 3 რუბლი და 60 კაპიკიდან 4 რუბლ და 27 კაპიკამდე გაძვირდა (დაახლოებით 26 თეთრი).

თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის, ალექსეი ხაბალოვის განცხადებით, გადასახადის გაზრდის თაობაზე ოსური მედიით მოსახლეობა ორი კვირით ადრე იყო ინფორმირებული. ენერგომატარებლებზე ფასების მატება კი მომწოდებლების მიერ ეტაპობრივად ხდება. გარდა ამისა, მინისტრმა ოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინათ სახელმწიფო კომპენსაციას თითოეულ ოჯახს აძლევდა, ახლა კი დოტაციით მხოლოდ სოციალურად დაუცველები ისარგებლებენ.

შეღავათებით პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი და სოციალურად დაუცველი ის ოჯახები ისარგებლებენ, ვისაც ენერგომატარებლებზე გადასახადების გადახდა სრულად არ შეუძლიათ.