მესტვირიშვილი: დოლარიზაციის მაღალი დონე ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა

“საბანკო სექტორში დოლარიზაციის მაღალი დონე  ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა,”-  ეს განცხადება  საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ბანკის 2015 წლის ანგარიშს განიხილავენ.

კომიტეტის სხდომაზე “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში გაცვლითი კურსის მერყეობის გამო ხშირად მომხმარებელს სესხის ლარში აღება სურს, რაზეც უარს იღებს. აქედან გამომდინარე, ონოფრიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ 100 ათას ლარამდე სესხის ეროვნულ ვალუტაში აღება იყოს შესაძლებელი:

“თუ ეროვნული ბანკის რეგულაციები არ ყოფნის, ხომ არ არის დრო, კანონი მივიღოთ? ადამიანს არ უნდა ეუბნებოდნენ უარს, თუ მას უნდა სესხი ლარში აიღოს. მაინცდამაინც სავალდებულოობას არ ვგულისხმობ. შედეგად, კლიენტი თავს დაიცავს გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი ზეგავლენისგან და დოლარიზაციის მაჩვენებლის კუთხითაც გაუმჯობესდება მდგომარეობა.”

არჩილ მესტვირიშვილის ინფორმაციით, 2015 წელს სესხების დოლარში აღების შემთხვევები მცირდებოდა:

“ეს ტენდეცია ახლაც გრძელდება. რაც შეეხება დეპოზიტებს, წლის მეორე ნახევარში დეპოზიტების დოლარიზაცია გაგვეზარდა. ეს პროცესი წელს შეტრიალდა. დოლარიზაციის პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. გარკვეულ ღონისძიებებს ვახორციელებთ, მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ დამატებით ღონისძიებებზე, რომლებსაც მომავალში განვახორციელებთ. პირადად ჩემი პოზიცია თქვენი პოზიციის ანალოგიურია, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი მიზანია სესხები ლარში მიმზიდველი გავხადოთ. ბანკს გაცემა არ უნდა ეშინოდეს და მსესხებელს -მიღება.”