ბიძინა ივანიშვილი: რა თქმა უნდა მე ტრადიციულ ოჯახებს ვუჭერ მხარს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მხარს უჭერს რეფერენდუმის გამართვას საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობთი კავშირია, თუმცა, ამავე დროს, ღია კარის მტვრევას უწოდებს.

“უჭერთ თუ არა მხარს, რომ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართოს რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია”, – ასე დასმულ კითხვაზე ივანიშვილმა უპასუხა:

“მოკლედ, კი, და ზოგადად, ღია კარებს ვამტვრევთ. ისედაც ეს კანონში არ არის დაშვებული და, მე მგონი, ცოტა ზედმეტი აჟიოტაჟი ავწიეთ. რა თქმა უნდა, მე ტრადიციულ ოჯახებს ვუჭერ მხარს, თუმცა ანტიდისკიმინაციული კანონი რაც მივიღეთ, მე ძალიან აქტიური ვიყავი და ძალიან მხარდამჭერი. ეს გავითვალისწინოთ ძალიან კარგად”.

ივანიშვილმა ქორწინების საკითხებზე ჟურნალისტის კითხვას 2016 წლის 14 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.

საუბარია სამოქალაქო ქორწინებასთან დაკავშირებით სარეფერენდუმო შეკითხვაზე, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ივნისს დაარეგისტრირა.

“თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის” – ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოს მოქალაქეებს 8 ოქტომბერს იმ შემთხვევაში მოუხდებათ, თუ რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფი 200 000 ხელმოწერას შეაგროვებს და რეფერენდუმის ჩატარებას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მხარს დაუჭერენ.

რეფერენდუმის ერთ-ერთი ინიციატორი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგვაძეა. ის აცხადებს, რომ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში საბოლოოდ გაეცემა ამ კითხვას პასუხი და საკითხის გარშემო დისკუსია შეწყდება.


ქორწინების კონსტიტუციაში განსაზღვრის საკითხზე პარლამენტშიც მსჯელობენ.  “ქართულ ოცნების” მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი რომლის  მიხედვით, “ქორწინება, ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია”, პარლამენტმა გასულ კვირას განიხილა.  უცნობია, როდის უყრიან საკითხს კენჭრს, რადგან კენჭისყრაზე დასაყენებლად სხდომათა დარბაზში დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა არ იკრიბება.


მნიშვნელოვანი დეტალები: