ცესკოში ქორწინების განსაზღვრების შესახებ სარეფერენდუმო შეკითხვა დარეგისტრირდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამოქალაქო ქორწინებასთან დაკავშირებით სარეფერენდუმო შეკითხვა დაარეგისტრირა. “თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის” – ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოს მოქალაქეებს 8 ოქტომბერს იმ შემთხვევაში მოუხდებათ, თუ რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფი 200 000 ხელმოწერას შეაგროვებს და რეფერენდუმის ჩატარებას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მხარს დაუჭერენ.

რეფერენდუმის ერთ-ერთი ინიციატორი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგვაძეა. ის აცხადებს, რომ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში საბოლოოდ გაეცემა ამ კითხვას პასუხი და საკითხის გარშემო დისკუსია შეწყდება.

მარტში ცესკოში ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერზე სარეფერენდუმო ორი შეკითხვა შევიდა. საარჩევნო კომისიამ მათგან ერთი მიიღო, ხოლო მეორე არ დაარეგისტრირა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა “ქართულ ოცნების” მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი უკვე განიხილეს, რომლის მიხედვით, “ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას”. უცნობია, როდის უყრიან საკითხს კენჭრს, რადგან კენჭისყრაზე დასაყნებლად სხდომათა დარბაზში დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა არ იკრიბება.

მოვლენათა ქრონოლოგია

დღეს ცესკომ ასევე ამომრჩეველთა ერთიანი სია განაახლა. მოქალაქეებს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლია სპეციალურ საიტზე – voters.cec.gov.ge.