თამარ მეფის ძეგლი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გააპროტესტეს[VIDEO]

აქციის ერთ–ერთმა უცხოელმა მონაწილემ  სვანეთში დადგმულ თამარ მეფის ქანდაკებას სვანეთისთვის მეტისმეტი მოდერნი უწოდა.
პრეზიდენტის რეზიდენციას  მოქალაქეები, რომელთა შორისაც სვანეთის მკვიდრნიც იყვნენ, 18 იანვარს შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მესტიის ცენტრალურ მოედანზე დადგმული თამარ მეფის ძეგლი შეურაცხმყოფელია.  აღნიშნული აქციით  ისინი საქართველოს პრეზინდეტს ძეგლის აღებას სთხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ  თამარ მეფის ძეგლის შექმნასთან დაკავშირებით  ღია კონკურსი უნდა ჩატარებულიყო, სადაც წარდგენილი იქნებოდა სხვადასხვა ნამუშევრები  და შემდგომ პროფესიონალებისა და კონპეტენტური პირების მეშვეობით  გამარჯვებული გამოვლინდებოდა.
ძეგლი მესტიის ცენტრალურ მოედანზე  2011 წლის 29 დეკემბერს დადგეს.

ძეგლის ავტორი 2004 წელს გარდაცვლილი მოქანდაკე ვაჟა მელიქიშვილია. 2011 წლის 19 მაისს მხატვრის 75 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა კატალოგი, რომელშიც მოქანდაქის მთელი შემოქმედებაა შესული. იგი ავტორია ისეთი ნამუშევრების, როგორებიცაა– ”გამარჯვების სტეკლა”, აკაკი წერეთლის მემორიალი, ”შინ მიუსვლელთა”, ასევე, მას ეკუთვნის შალვა დადიანის, ვალერიან გუნიას პორტრეტები, მიხეილ თამარაშვილის ქანდაკება და 1200-ზე მეტი ფიგურა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ მოქანდაკის   75 წლის იუბილეზე თქვა: ”ეს არის მხატვარი და მოქანდაკე, რომლიც, სამწუხაროდ, დღეს მივიწყებული იყო.  რა თქმა უნდა, არა კოლეგებისა და პროფესიონალების მხრიდან, მაგრამ საზოგადოებამ და დღევანდელმა თაობამ  ძალიან ცოტა რამ იცის მის შესახებ, ამიტომ ჩვენ ამ შეცდომის გამოსწორება ვცადეთ.”