ქუცნაშვილი: “რუსთავი 2” ნაციონალური მოძრაობის ფილიალია, ამიტომაც დაგამარცხებთ

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, “რუსთავი 2” არის პარტია ნაციონალური მოძრაობის ტელევიზია და ამიტომაც მათ დაამარცხებენ.

“თქვენ ხომ მთელი პროპაგანდა აგებული გაქვთ ერთ რამეზე, რომ “რუსთავი 2″, ეს არის ობიექტური ტელევიზია და არა ნაციონალური მოძრაობის ტელევიზია. ჩვენ კიდევ მიგვაჩნია, რომ რუსთავი 2 არის მიკერძოებული ტელევიზია, ნაციონალური მოძრაობის ფილიალი, ამიტომაც დაგამარცხებთ, დავამარცხებთ. როგორც ადრე ამბობდნენ, ვგულისხმობთ ნაციონალურ მოძრაობას – ვგულისხმობთ რუსთავი 2-ს. ვლაპარაკობთ რუსთავი 2-ზე – იგულისხმება ნაციონალური მოძრაობა,”- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხვალ, 10 ივნისს, დილის 10 საათზე სააპელაციო სასამართლო რუსთავი 2-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა 7 ივნისს დასრულდა.

პირველის ინსტანციის სასამართლომ რუსთავი 2-ის წილები ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელები სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ სააპელაციო წესით.