ვეგანური კაფე “კივის” თანამშრომლებს ერთი თვის ვადაში ალტერნატიული ფართის მოძიება მოუწევთ. “კივის” თანამშრომლების თქმით, ისინი სამეზობლოში “განსხვავებულობის” გამო არ მოსწონთ, მეპატრონე კი მათ ხმაურში ადანაშაულებს.
შუადღის პირველ საათზე “კივიში” სიწყნარეა, – ბართან მხოლოდ ორი გოგონა ზის, – როგორც თვითონ ამბობენ, “კივის გუნდის წევრები”. მათი თქმით, აქ მკაცრად გადანაწილებული ფუნქციები არავის აქვს. ცოტა ხანში კაფეში მაშა და ირაკლი შემოდიან – ასევე “კივის” გუნდის წევრები.
ირაკლი უშვერიძე, მართალია, ახლა კაფეში არ მუშაობს, მაგრამ “კივის” გახსნამდე მის მოწყობაში აქტიურად მონაწილეობდა. “ახლა გვეუბნებიან, რომ შეგვიძლია დავრჩეთ, ოღონდ აღარ უნდა შევაწუხოთ აქაურები”, – გვიყვება იგი.
“თუ გვინდა აქ ყოფნა, მაშინ სულ შიგნით უნდა ვიყოთ”, – ამბობს სოფო ხვედელიძეც, რომელიც კაფეში ბარმენის ფუნქციას ასრულებს ხოლმე. მისი თქმით, სამეზობლოში მცხოვრებლებს აღიზიანებთ “ოდნავ განსხვავებული გარეგნობაც, თმის ფერი, პირსინგი”…
ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მაღაზიის მფლობელი, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა, ფიქრობს, რომ “კივის” ისტორია მედიამ არასწორად გააშუქა. “არაფრისაგან შექმნეს ტრაგედია. რამდენი ხანია აქ არიან და აქამდე არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ახლა იჩხუბეს სხვებთან და იძახიან, ჩვენი უფლებები ირღვევაო”, – თქვა მან.
კაფე “კივის” ახლანდელი ფართის მფლობელი, გულო გოლეთიანი, მომხდარში კაფეს გუნდს ადანაშაულებს: “[კივის თანამშრომლებმა] აგრესია გამოხატეს სხვის მიმართ და შემდეგ ის სხვა მოუვარდა აქ. იმათი ბრალი არაფერი იყო, ამათი ბრალია ყველაფერი. თავიდან რომ ესენი იქ არ მისულიყვნენ, არაფერი ხდებოდა. რამდენი თვეა აქ არიან და არავინ მოსულა საჩხუბრად. ამათ გამოიწვიეს. ესენი არიან პროვოკატორები”, – ამბობს გულო გოლეთიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
ირაკლი უშვერიძე და ლაშა ჩვენთან საუბარში ახსენებენ იმ ადამიანს, ვინც, მათი თქმით, ნაციონალისტურ ჯგუფებთან – “ქართულ ძალასთან” და “ბერგმანთან” – არის დაპირისპირებული. “ის აქ არ მუშაობს, უბრალოდ, ხშირად დადის ხოლმე”, – თქვა ირაკლიმ. ლაშა კი ამბობს, რომ არ ესმის, “რატომ უნდა დაესხა კაფეს თავს იმის გამო, რომ კლიენტთან გაქვს პრობლემები”.
თავად “ქართული ძალის” წარმომადგენლები უარყოფენ “კივი კაფესთან” დაკავშირებულ ინციდენტებში მონაწილეობას.
29 მაისს ვეგანურ კაფეში ინციდენტი მოხდა. კაფეში ანიმაციური ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, როდესაც, როგორც თვითმხილველები ამბობენ, კაფეში ათზე მეტი ადამიანი მივიდა. მომხდარის ერთ-ერთი თვითმხილველი ნონო ანთაძე გვიყვება, რომ უცხო პირების ჯგუფმა ლუდი იყიდა და კაფეში, სადაც სიგარეტის მოწევა აკრძალულია, თამბაქოს მოუკიდა.
“შეიძინეს ლუდი და დაიწყეს ხმამაღლა ყვირილი. გამომწვევად ყვიროდნენ. ბარმენმა და მიმტანმა უთხრეს, რომ დატოვეთ ტერიტორია, ნუ ყვირით, ხალხი ფილმს უყურებს და ხელი ეშლებათო. ეს არ გაითვალისწინეს… რამდენჯერმე გაუმეორეს”, – ამბობს თვითმხილველი და დასძენს, რომ ამის შემდეგ ზემოხსენებულმა პირებმა ვეგანურ კაფეში მწვადის ნაჭრები და სოსისები შეყარეს.
ამ ინციდენტის შემდეგ შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
გულო გოლეთიანი, ადგილის მეპატრონე, ამბობს: “ჩხუბი რომ არ ყოფილიყო, [კივის თანამშრომლები] არავის არ აწუხებდნენ და მათ არავინ ერჩოდა. რამდენი თვეა აქ არიან და კაციშვილს ხმა არ ამოუღია უბანში”. ის იქვე დასძენს: “ბიჭები ცხოვრობენ აქა და ასეთი ჩაცმულობა ჯერ საქართველოში მიუღებელია. ჩვენ მენტალიტეტით სულ სხვა ცხოვრება გვაქვს და არ ვართ იქამდე მისულები. კარგი, ყური გაიხვრიტე, ხომ? რა არის, კაცო, – ცხვირი, ყური, ტუჩი, თვალი, წარბი, ლოყა… ჭიპი?”
მეპატრონე ამბობს, რომ კაფე სამეზობლოს ხმაურითაც აწუხებდა: “შუა ქუჩაში, ტროტუარზე შეიძლება ნორმალური ადამიანი დაჯდეს? შუა ქუჩაში, ტროტუარზე ჯდებოდნენ, უკრავდნენ გარეთ გიტარაზე. იქნებ მე არ მსიამოვნებს შენი დაკრული? ყოველდღე ვერ ვუყურებ ერთსა და იმავე კონცერტს – ყელში ამომივა… გიტარაზე უკრავენ ხოლმე, თან როგორი ხმით, იცი? არ შეიძლება ასე”, – თქვა გულო გოლეთიანმა.
“5 დღეა არ მიძინია ამ ამბების გამო. მეშინია, ღამით ვინმემ რამე არ შემოაგდოს – ძველი ხის სახლია, მაშინვე ცეცხლი მოედება მთელ უბანს”, – დასძენს იგი.
აზარ მამადოვი თავის მეგობართან ერთად საბერძნეთის კუნძულებზე მოგზაურობდა, როდესაც “ბიბისიზე” თბილისში ვეგანურ კაფეზე თავდასხმის შესახებ წაიკითხა. “აქ არ მოვიდოდი, ამბავი რომ არ წამეკითხა. თუმცა წავიკითხე და ნამდვილად გულზე მომხვდა. მაშინვე ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა ჩამოვსულიყავი თბილისში. და აი, აქ ვარ – მეოთხე დღეა “კივიში” დავდივარ”, – მოგვითხრობს აზარ მამედოვი.
“ეს არ არის ის ჩვეულებრივი ადგილი, რასაც ელოდები. მაგრამ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. აქ ერთიანობა შეიძლება იგრძნო. მგონია, რომ ეს ბავშვები ძალიან მამაცები არიან – ისინი ქმნიან პლატფორმას იმ ადამიანებისთვის, ვინც, შესაძლოა, რეპრესირებულები არიან საზოგადოებაში. მე ვერ ვხედავ ვერავითარ ზიანს, რაც შეიძლება ამ ადგილმა გარემოს მოუტანოს. პირიქით, მგონია, რომ აქაურობა აძლიერებს ქართულ კულტურას – ქართული ტოლერანტობის ძველ ტრადიციას და კულტურულ მრავალფეროვნებას. ეს ადგილი ხალხს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა კულტურიდან იღებს”, – ფიქრობს იგი.
ლაშა გვიამბობს, მხოლოდ კაფე შემოსავლიანი არ არის: “აქაურობა, ფაქტობრივად, არამომგებიანი ადგილია. ყველაფერი, რასაც გამოვიმუშავებთ, იმისათვის გვეხარჯება, რომ კაფემ მუშაობა გააგრძელოს. ზოგჯერ კი ცხოველების დასახმარებლად ვრიცხავთ ფულს”, – ამბობს ლაშა. ამიტომაც უნდა მას, რომ “კივი” გაფართოვდეს და არა მხოლოდ ბარი, არამედ “გაცილებით დიდი სოციალური სივრცე გახდეს”. ეს ჩვენი ფინანსებით რამდენად შესაძლებელია, არ ვიცი, – დასძინა ლაშამ.
ირაკლის თქმით, “კივის მეგობრებს” სხვადასხვა იდეა აქვთ ხოლმე. მაგალითად, ლაშას და ოლგა კულაიევას ზუსტად “კივის” გვერდით, სულ რაღაც 4 თვეა, ტანსაცმლის მაღაზია აქვთ გახსნილი. ირაკლი გვიყვება, რომ საერთო სამრეცხაოს გაკეთების იდეაც ჰქონდათ, – “როგორც ამერიკულ ფილმებშია, – შემოხვალ, დაატრიალებ, გარეცხავ და წახვალ”.
ლაშა გვიამბობს, რომ ივლისიდან, მას შემდეგ, რაც “კივი” გაიხსნა, კაფეში უფრო ხშირად უცხოელები დადიოდნენ. “ამ ბოლო დროს ქართველი უფრო მეტი დადიოდა – გაიგეს, რომ არ გვაინტერესებს ადამიანის სექსუალური ორიენტაცია, ზოგადად, არ გვაინტერესებს, ვინ, ვინ არის. ყველანაირი თავისუფლება, არავის არავინ არ უყურებს ცუდად”, – ამბობს იგი.
“ამ ბოლო დროს ბევრი ახალგაზრდა დადის პირსინგით, გადაღებილი თმებით, ა.შ. მეზობლებს არ მოსწონთ, ხალხი როგორ გამოიყურება აქ. ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ არ გაგვაგდეს აქედან, რომ ძალიან ბევრს ვუხდით. ამ თანხას ძალიან ცოტა გადაიხდის”, – დასძენს ლაშა.
ვერცხლის ქუჩის ბოლოში ფატი კერესელიძე ხალიჩების მაღაზაში მუშაობს. ის გვიყვება, რომ “კივის” თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა აქვს: “კარგი ხალხია. იქ შეკრებილები ცოტა უცნაურად კი გამოიყურებიან ხოლმე, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს”?!
მისი თქმით, ვერცხლის ქუჩაზე “ყველაფერი ცუდად მუშაობს. ეგენი [“კივი”] ყველაზე კარგად არიან. ჩვენც გვიხარია, უფრო მოძრავია ქუჩა”.
“კივის” ახლანდელი ფართის მეპატრონე გულო გოლეთიანი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ მას “კივისთან” ერთწლიანი ხელშეკრულობა ჰქონდა დადებული.”ხელშეკრულებაში გვიწერია ასე – შეწყვეტამდე ერთი თვით ადრე უნდა გავაფრთხილოთ”. “კივის” თანამშრომლების თქმით, მათ ჯერ არ უპოვიათ ალტერნატიული ადგილი და არ იციან, სად გადავლენ. თუმცა ისევ რომელიმე ცენტრალურ ადგილთან ახლოს სასურველი იქნებოდა, – თქვა ლაშამ.