უფლებათა კომიტეტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ხდება.

კომიტეტის წევრებიდან კანონპროექტს მხარი “ქართული ოცნების ” წევრებმა- რუსლან პოღოსიანმა, პაატა კიკაველიძემ, ასევე, “რესპუბლიკელმა” თეიმურაზ ნერგაძემ დაუჭირეს. დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად 7 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

კანონპროექტის მიხედვით, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს” ახალი მუხლი ემატება, რომელიც შრომითი ურთიერთობებისას სექსუალურ შევიწროებას ეხება. კერძოდ,  ცვლილებების თანახმად, შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას, ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების გამეორება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს 1000 ლარით დაჯარიმებას.