მთავრობამ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულება მოიწონა

საქართველოს მთავრობამ 6 ივნისის სხდომაზე მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა მიაწოდა.

მთავრობის სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად გათვალისწინებული იყო მთავრობის განკარგულების პროექტები “საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე” და “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს განკარგულების მოწონების თაობაზე”.

გიორგი მარგველაშვილმა განკარგულება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ 3 ივნისს გამოსცა. ამ აქტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. პრეზიდენტის განკარგულებას საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ მთავრობის კონტრასიგნაცია[თანხმობა] ესაჭიროება.

პრეზიდენტის განკარგულება მთავრობას 3 ივნისს გაუგზავნეს. კანონის თანახმად, მთავრობას 10 სამუშაო ვადა აქვს იმისათვის, რომ დაეთანხმოს ან უკან დაუბრუნოს პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტები.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, განკარგულება, რომელიც მთავრობამ უკვე მოიწონა, პრეზიდენტს კანონოთ გათვალისწინებულ ვადაში გადაეგზავნება.

აპრილში მთავრობამ ხელი არ მოაწერა და უკან დაუბრუნა პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტები.

მნიშვნელოვანი დეტალები