კომპრომისი საარჩევნო კოდექსის სამ საკითხზე

 

აღნიშნულ კომპრომისულ ვარიანტზე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მომუშავე პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეხვედრა დღეს შედგა. კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ ძალას შორის პარლამენტის თავჯდომარის დავით ბაქრაძის თანამონაწილეობით გაიმართა.

ოპოზიციიდან აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ – “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, “მემარჯვენეები” მამუკა კაციტაძე და დავით გამყრელიძე, “მრეწველების” ლიდერი ზურაბ ტყემალაძე, “ქრისტიან-დემოკრატი” ლევან ვეფხვაძე, “დემოკრატიული პარტიის” ლიდერი გია თორთლაძე.

აღნიშნულ შეთანხმებას კომპრომისული უწოდა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა. მისი შეფასებით, მსგავსი ცვლილება დეპუტატთა რაოდენობისა და მანდატების გადანაწილებასთან, ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით ხელს შეუწყობს პარლამენტში ოპოზიციური ძალების გაძლიერებასა და მრავალპარტიული პარლამენტის დანერგვას.

“ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა დეპუტატთა რაოდენობის ზრდა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ რაოდენობის ასეთი გადანაწილება პოზიტიური შედეგის მომცემი იქნება. აქედან გმომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რაც უკავშირდება ოპოზიციის გაძლიერებას პარლამენტში. ვგულისხმობ, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც შევა პარლამენტში და გადალახავს 5– პროცენტიან ბარიერს, ექნება საშუალება, შექმნას ფრაქცია,” – აღნიშნა კუბლაშვილმა.

მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის შეფასებით კი, “აღნიშნული შეთანხმება დეპუტატების რაოდენობის არგაზრდასთან დაკავშირებით ერთი მხრივ კარგია, თუმცა ამ გადაწყვეტილებით, მეორე მხრივ, იმ სტატუსქვოს ვუბრუნდებით, რაც აქამდე გვქონდა.”

თუმცა მემარჯვენე გამყრელიძე დადებითად აფასებს ფრაქციის შექმნის გამარტივებით პარლამენტში მრავალპარტიული სისტემის შექმნას.

“ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც მანდატების გადანაწილების შემდეგ დააგროვებენ საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის საჭირო რაოდენობაზე ნაკლებს, მანდატები შეევსებათ. პარლამენტში არის მანდატები, რომელიც ყოველთვის რჩება გადაუნაწილებელი. შესაბამისად, გადაუნაწილებელი მანდატებისა და პირველ ადგილზე გასული პარტიის ხარჯზე მოხდება ფრაქციის ჩამოყალიბება. ეს კარგია თავად პარლამენტში რეალური მრავალპარტიულობისთვის, იმიტომ, რომ პარლამენტი ფრაქციის გარეშე ძალიან სუსტია, ვერ ახდენს გავლენას, ხოლო ფრაქცია უკვე ძალიან ბევრ შესაძლებლობას აძლევს პარტიას,” – აღნიშნავს გამყრელიძე.

თუმცა აღნიშნული საკითხის შეფასებისას იკვეთება პრობლემა, რაზეც არასამთავრობოები და ოპოზიციის ერთი ნაწილი საუბრობს და რისი გადახედვაც  შეხვედრებზე არ მომხდარა. ეს შეეხება ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარებისთვის 30– პროცენტიანი ბარიერის 50 პროცენტამდე გაზრდის საკითხს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის განცხადებით, აღნიშნულ საკითხში კვლავ რჩება პრობლემა და ეს მაჟორიტარებს უკავშირდება.

“პრობლემა არის პროპორცია მიღებულ ხმებსა და შემდგომში პარლამენტში მიღებულ მანდატებს შორის. დღესდღეობით არის შესაძლებლობა, რომ 30– პროცენტიანი მხარდაჭერით მოიპოვო პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა. პირიქითაც შეიძლება ითქვას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლის 70 პროცენტი შენს წინააღმდეგ აძლევს ხმას, ამის მიუხედავად მაინც დგება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ამ პრობლემის ყველაზე მარტივი მოგვარების გზა შევთავაზეთ მმართველ გუნდს. კერძოდ, ერთმანდატიან ოლქებში 30– პროცენტიანი ბარიერი გაიზარდოს 50 პროცენტამდე. ეს, როგორც მინიმუმ, უზრუნველყოფდა იმას, რომ ამომრჩეველთა 50– პროცენტიანი მხარდაჭერა აუცილებელი იქნებოდა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიგვეღო,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ხატისკაცმა.

ამ საკითხზე მსგავსი მოსაზრება აქვს პარტია “თავისუფალი დემოკრატებისა” და  ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრს, დეპუტატ გია ცაგარეიშვილს.

“კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც დავაფიქსირეთ, იყო, რომ შემოგვეღო  50– პროცენტიანი ბარიერი მაჟორიტარებისთვის. როგორც ჩანს, მმართველი ძალა არ არის საკუთარ ძალებში დარწმუნებული და იმის შიშით, რომ მაჟორიტარის მანდატს დაკარგავს, 30– პროცენტიანი ბარიერი არ შეცვალა. ამას ემატება დამოუკიდებელი კანდიდატის საკითხიც. ანუ ეს იქნება ხელისუფლების მიერ შემოგდებული კანდიდატი, რომელიც შემდეგ ხმებს გაგვიყოფს,” – აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

დღის ბოლოს კი ოპოზიცია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით შეთანხმდა, რომ ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ამ სიტუაციიდან, არა კარგი, არამედ ნორმალური.