როიტერი: კორეპერი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხზე ისევ ვერ შეთანხმდა

საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (კორეპერი) ისევ ვერ შეთანხმდა საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე.

სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივნისს გამართულ სხდომაზე, საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხს საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები შეეწინააღმდეგნენ.

“ჩვენ არ გვინდა ამ პროცესის შეჩერება. უბრალოდ, გვინდა უფრო ფრთხილები ვიყოთ,” – განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელიც საკითხს მხარს არ უჭერს.

თუმცა 31 მაისს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერა გამოუცხადა.

საკითხს კორეპერი სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაუბრუნდება.

კორეპერმა ამავე საკითხზე 24 მაისის სხდომაზეც იმსჯელა, თუმცა მაშინ რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ ელჩებმა ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოახერხეს.

10 ივნისს იგეგმება ევროკავშირის (მინისტრთა) საბჭოს სხდომა, რომელმაც უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების საკითხს.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის შემდეგი პროცედურებია დარჩენილი:

ყველა ამ ეტაპის დასრულების შემდეგ შეეძლება ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს წესი არ გავრცელდება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც არ შედიან შენგენის ზონაში, ესენია: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია.

როიტერის ინფორმაციით, კორეპერმა ასევე იმსჯელა სავიზო მიმოსვლის გამარტივებაზე თურქეთისათვის, უკრაინისა და კოსოვოსათვის, თუმცა შეთახმება ვერც ამ საკითხებზე მოხდა. თურქეთი ამ დრომდე ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის ყველა კრიტერიუმს, ისევე როგორც უკრაინა. სავარაუდოდ, მათი საკითხების განხილვა ივნისის ბოლომდე ვერ დასრულდება. რაც შეეხება კოსოვოს, მის სუვენერიტეტს ევროკავშირის წევრი 5 ქვეყანა არ აღიარებს, ამიტომ ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი მათთვის გაცილებით რთულია.