კიწმარიშვილი ივანიშვილისგან ფულის მიღებას ადასტურებს

ეროსი კიწმარიშვილი
ეროსი კიწმარიშვილი

“ქართული პარტიის” ლიდერმა დღეს, 30 ნოემბერს, ტელეკომპანია “მაესტროს” ეზოში დაადასტურა, რომ მის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა “2020”, 2009 წელს ბიძინა ივანშვილის ფონდისგან ნამდვილად მიიღო 564 450 ლარი.

ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთმა” დაახლოებით ერთი თვის წინ მოიპოვა, თუმცა იმ დროს ეროსი კიწმარიშვილმა ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა. კიწმარიშვილის ფონდისთვის გადარიცხული თანხა  ბიძინა ივანიშვილმაც ვერ გაიხსენა 1 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დღეს კი ეროსი კიწმარიშვილი არ უარყოფს, რომ ფონდმა “ორიათას ოცმა (2020)” აღნიშნული თანხა კონკრეტული პროექტისთვის მიიღო: “ეროვნული განვითარების გეგმის პროექტის შემუშავება, რომელიც წარმოადგენს სამომავლო პოლიტიკისა და პროგრამების განვითარების მოდელს ეკონომიკური და სოციალური დაგეგმვის სფეროებში”. როგორც “ქართული პარტიის” ლიდერი ამბობს, მიღებული თანხა მიზნობრივად დაიხარჯა. კერძოდ,  პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოიყვანეს უცხოელი მკვლევარები, რომლებმაც “ეროვნული განვითარების გეგმის პროექტი” შეიმუშავეს. პოლიტიკოსის თქმით, აღნიშნული პროექტი, შესრულების შემდეგ, დამკვეთს – “ქართუ ჯგუფს” გადაეცა და “ეს სერიოზული დოკუმენტია.”

როგორც ეროსი კიწმარიშვილი ამტკიცებს, 564 450 ლარი მიზნობრივად დაიხარჯა და არც ერთი თეთრი არ დახარჯულა ტელეკოპანია “მაესტროს” მართვის უფლების შესაძენად, ასევე არ დახარჯულა თანხა კიწმარიშილის პოლიტიკური მიზნებისთის. “ეს აბსურდია,” – დასძინა “ქართული პარტიის” ლიდერმა.

ამავე თემაზე:

რატომ დააფინანსა ივანიშვილმა კიწმარიშვილი