ვოლსკი: ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე პასუხი რუსეთსაც უნდა მოეთხოვოს

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხი რუსეთსაც უნდა მოეთხოვოს:

“ოკუპაცია არ უნდა დაშვებულიყო, სააკაშვილის ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა ამის რესურსი და  ნებით თუ უნებლიეთ, უნებლიეთ თუ ნებით, დაშვებული იქნა ასეთი შეცდომები, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. ურთულესი საკითხია. რუსეთსაც უნდა მოეთხოვოს პასუხი, როგორც რეალური, ფაქტიური ხელმძღვანელობის განმხორციელებელს, და დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უნდა იქნას დაკავებული.”
მისივე სიტყვებით, რეზულტატით თუ ვისმეჯელებთ, უსაფრთხოების საკითხი  კიდევ გადასახედია და  გასაორმაგებელი თუ არა გასასამმაგებელი.

ოფიციალური ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ამასთან, 20 მაისს  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა 19 მაისს, სავარაუდოდ, სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ამსახველ ვიდეომასალა გაავრცელა. გავრცლებულ ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც ე.წ. სასაზღვროს ზოლის მხრიდან ბრუნდება. მის უკან ჩნდებიან სამხედროფორმიანი პირები; ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცს ესვრის და როდესაც ის ეცემა, დაჭრილს ფიზიკურად უსწორდება. ამის შემდეგ ისინი ადგილს ტოვებენ. ვიდეოში ჩანს, რომ მკვლელობა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებით, სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაში დამნაშავე პიროვნების ვინაობა გამოძიებისათვის უკვე ცნობილია.