საგარეო უწყება: ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს განცხადებას 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ჩადენილი მკვლელობის შესახებ და პასუხისმგებლობას რუსეთის მხარეს აკისრებს:

“საგარეო საქმეთა სამინისტრო შეძრწუნებულია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტით და თანაგრძნობას უცხადებს მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს.

ეს დანაშაულებრივი აქტი ცხადყოფს, რომ  აფხაზეთის რეგიონში არსებული ვითარება არის სრულიად უკონტროლო და მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის მხარეს, როგორც საოკუპაციო ძალას. აღნიშნული მკველელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.

ხსენებულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორის მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან და მოსთხოვა მათ შესაბამისი რეაგირება. ასევე შედგა სატელეფონო საუბარი ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს დავით დონდუასა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს გრიგორი კარასინს შორის,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც სამინისტრო წერს,  ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა მოხდეს როგორც პოლიტიკური, ასევე  სამართლებრივი რეაგირება და დამნაშავეები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. მათივე ცნობით, გიგა ოთხოზორია მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაიყვანეს ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.