არასამთავრობოები: “კაბელების საქმეზე” პოლიტიზებისა და მიკერძოების განცდა ჩნდება

რვა არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის განვითარება პოლიტიზებისა და მიკერძოების ნიშნებს აჩენს.

მათივე განცხადებით, პროცესის პოლიტიზების ეჭვებს აძლიერებდა საქმის განვითრების კონტექსტიც. არასამთავრობოების განცხდებით, განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ბიძინა ივანიშვილი ინფორმირებული იყო საქმის დეტალების შესახებ მაშინ, როდესაც საქმის მასალებს გრიფი საიდუმლო ედო.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, EMC, IDFI, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ISFED, GDI, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი.

16 მაისს,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა  ე.წ “კაბელების საქმეში” დამნაშავედ ცნო  თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი და  მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

“აღნიშნული საქმის განვითარებას საზოგადოება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა და უნდა ითქვას, რომ როგორც ბრალის წარდგენის ეტაპი, ასევე პროცესის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები საზოგადოებაში აჩენდა კითხვებს ბრალის დასაბუთების, აღკვეთის ღონისძიების საფუძვლიანობის, საქმეში უტყუარი მტკიცებულებების არსებობისა და საქმის სამართლიანი განხილვის შესახებ. საერთო ჯამში, ამ გარემოებებმა შექმნა არასრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და პროცესის პოლიტიზების განცდა.

ხსენებულ ეჭვებს საწყისი ეტაპიდანვე აძლიერებდა საქმის განვითარების პარალელურად არსებული კონტექსტი და ვითარება. ბრალის წარდგენას წინ უსწრებდა ღია დაპირისპირება მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ  ბიძინა ივანიშვილს შორის, რაც საბოლოოდ ირაკლი ალასანიას გადაყენებით დასრულდა. პროცესესის მიმართ უნდობლობა ასევე გაზარდა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებმაც. განსაკუთრებით საყურადღებო იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინფორმირებულობა საქმის დეტალების შესახებ მაშინ, როდესაც საქმის ნაწილს იმ მომენტისთვის გრიფი საიდუმლო ედო. საზოგადოებისთვის გაუკრვეველი დარჩა, რატომ და რა გზებით ფლობდნენ ინფორმაციას საქმის დეტალების შესახებ პირები, რომლებიც გამოძიებაში არ იყვნენ ჩართულები და საქმის მასალებზე წვდომა არ უნდა ჰქონოდათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველად “კაბელების საქმეს”, პროკურატურის გადაწყვეტილებით, სრულად მიენიჭა გრიფი საიდუმლოს სტატუსი, რის შედეგადაც დაცვის მხარეს სისხლის სამართლის მასალებზე დაშვება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხებული ჰქონდა. აღნიშნულს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და მოუწოდა პროკურატურას, მოეხდინა საქმის მხოლოდ იმ მასალის გასაიდუმლოება, რომელიც შეიცავდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას, სხვა დანარჩენი კი საჯარო უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო დაცვის მხარისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობა. უნდა ითქვას, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან მცირე დროში თავად პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია სტრატეგიულად საიდუმლო ინფრასტრუქტურის ქსელის შესახებ ინფორმაცია, რაც მათ შორის ამ საქმის გასაიდუმლოების ერთ-ერთი საფუძველი იყო.

რაც შეეხება წარდგენილ ბრალდებას, პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს მოხელეებს ორგანიზებული  ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ედავება. ამასთან მიმართებით კითხვებს ბადებს რამდენიმე გარემოება:

ხსენებული სამართლებრივი გარემოებები და წარდგენილ ბრალთან დაკავშირებული კითხვები, ასევე მსჯავრდებულების დაკავების წინაპირობები და საქმის განვითარების დროს არსებული კონტექსტი, საქმის განხილვის პერიოდში გამოვლენილ ცალკეულ ხარვეზებთან ერთად ერთობლიობაში ქმნის განცდას, რომ “კაბელების საქმეში” მართლმსაჯულება არასათანადოდ და მიკერძოებულად განხორციელდა, რაც შესაძლოა პოლიტიკური გავლენებით ყოფილიყო განპირობებული. არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ ამ საქმეზე დაკვირვებას და დეტალური შეფასებები სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის შემდეგ განხორციელდება,”- აღნიშნულია არასამთრვრობოების განცხადებაში.