თავისუფალი დემოკრატები ე.წ. კაბელების საქმეზე დიპლომატებს შეხვდნენ

დღეს, 18 მაისს, “თავისუფალი დემოკრატები” თავის ოფისში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანია ელჩებისთვის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის მიმდინარეობისა და მოსამართლის განაჩენის გაცნობა.

შეხვედრის დასაწყისში ირაკლი ალასანიამ ელჩებთან საუბრისას განაცხადა, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს მოსამართლემ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ალასანიას განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენი მიმართულია არა მხოლოდ “თავისუფალი დემოკრატების”, არამედ მთლიანად სასამართლო სისტემის წინააღმდეგ.

მან დიპლომატებთან საუბრისას აღნიშნა, რომ 2014 წელს, საფრანგეთში თავდაცვის მინისტრის რანგში ყოფნისას,  მაშინდელი პრემიერ-მინისტრის დავალებით სთხოვეს, ხელი არ მოეწერა ხელშეკრულებაზე, რასაც რამდენიმე საათში სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის დაკავება მოჰყვა.

შეხვედრა ჟურნალისტებისთვის ღია პირველი ათი წუთის განმავლობაში იყო, რის შემდეგაც თავისუფალი დემოკრატებისა და დიპლომატების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

13241182_1342972995732359_3793138966539887783_n