რესპუბლიკური პარტია ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება

საქართველოს რესპუბლიკური პარტია ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა.
“ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენაა, როდესაც ევროპის უმაღლეს ორგანოში – ევროპარლამენტში – კიდევ ერთხელ დასტურდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა და დემოგრაფიული ვითარების ძალადობრივად შეცვლა, გაისმის მოთხოვნა რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რათა მან უპირობოდ შეასრულოს 2008 წ. 12 აგვისტოს შეთანხმება და გაიწვიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება”, ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის მიერ 18 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპარლამნეტმა 17 ნოემბერს დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოს შესახებ. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 527–მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 23 იყო.  ევროპარლამენტის რეზოლუციაში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის აღიარებული. ასევე რეზოლუცია უარყოფს ცალმხრივად აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები და დაუბრუნდეს 2008 წლამდე არსებულ ტერიტორიას.
რეზოლუციაში არანაკლები ყურადღება აქვს დათმობილი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, მედიის თავისუფლებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის გაძლიერებას.
რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ ევროპარლამენტის 2011 წ. 17 ნოემბრის რეზოლუციაში ობიექტურად აისახა საქართველოში არსებული ვითარება, “მართებულად ჩამოყალიბდა მოთხოვნები ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, როგორიცაა:

“აშკარა და მისასალმებელია, რომ ევროპარლამენტი ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ამახვილებს ყურადღებას არა მხოლოდ ქრონიკულად ქცეულ პრობლემებზე, არამედ ბოლო თვენახევრის მანძილზე პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შემთხვევებზეც, რასაც სათანადო რეაქცია უნდა მოჰყვეს როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან”, – აღნიშნავენ რესპუბლიკები.