ახალი ამბები

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მაღალჩინოსნებს მოძალადის მფარველობაში ადანაშაულებს

11 მაისი, 2016 • 2704
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მაღალჩინოსნებს მოძალადის მფარველობაში ადანაშაულებს

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი მ.პ. საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებსა და დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის თანაშემწეს, მისი ყოფილი ქმრის, რამაზ ხ.-ს მფარველობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ყოფილმა ქმარმა ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენჯერმე ისე სცემა, რომ საავადმყოფოში მოხვდა, თუმცა იგი ადეკვატურად არ დაუსჯიათ.

საგამოძიებო ორგანოების მიმართ პრეტენზიებზე მ.პ-მ 11 მაისს ქალთა მოძრაობის მიერ გამართულ პრესონფერენციაზე ისაუბრა. “ქალთა მოძრაობა” გეგმავს, პროკურატურასა და სასამართლოს მიმართოს. ასევე მიმართავენ შსს-ს და მოუწოდებენ, რომ უზრუნველყონ მსხვერპლის უსაფრთხოება.

როგორც მ.პ ამბობს, ყოფილი ქმარი ამჟამად საფრანგეთში იმყოფება, თუმცა ყოველდღიურად ურეკავს და მასთან დაკავშირებას ცდილობს.

მ.პ-ს თქმით, რამაზ ხ. ოფიციალურად არ მუშაობს, თუმცა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს “ფარული თანამშრომელი” და სწორედ ამიტომ აფარებენ მას ხელს.  შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ რამაზ ხ. არასოდეს ყოფილა და არც დღეს არის შს სამინისტროს თანამშრომელი. 

მ.პ იხსენებს, რომ 2014 წელს ქმარმა წაიყვანა ტყეში და მის დახრჩობას შეეცადა, შემდეგ კი 14 წლის შვილის თვალწინ სცემა. თუმცა, როდესაც ქმარს უჩივლა, მისი თქმით, პროკურორმა დავით ბუკიამ ტყეში წაყვანის ეპიზოდი ჩვენებიდან ამოაღებინა. ასევე, მ.პ-ს განცხადებით, ყოფილმა ქმარმა დაარღვია პოლიციის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი და ორი დამცავი ორდერი.

“ვერასოდეს ადგილზე ვერ იჭერენ იმიტომ, რომ ყოველთვის ისეთ დროს მოდის პოლიცია, როდესც რამაზი უკვე მიმალულია. არასოდეს არ ხდება ჩემი ჩვენების მოწმეების მხრიდან დადასტურება. დუშეთში მუსირებს ასეთი აზრი, რომ რამაზ ხ-ს მფარველობს ზვიად ჯანყარაშვილი, ამიტომ რამაზი არასოდეს დანაშაულის მიხედვით არ დაისჯება. ამას აცხადებს თვითონაც, რომ ჯანყარაშვილი მისი მეგობარია და არავინ მას არ შეეხება. ორივე შემაკავებელი და დამცავი ორდერი დააღრვია, თუმცა რამაზ ხ. ამის მიხედვით არ დაუსჯიათ. მეორე შემაკავებელი ორდერის დარღვევისას მან დედაჩემს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა გამოძიება ამ კუთხით არ დაწყებულა. 2016 წლის დასაწყისში გამიტყუა გარეთ, სახლის წინ დამაჯახა მანქანა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მივიღე მოტეხილობები. 4 თვე გავიდა ამ შემთხვევიდან და მე დაზარალებულად არ ვარ ცნობილი დღემდე,”- იხსენებს მ.პ. 

“ქალთა მოძრაობის” წარმომადგენელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ აქვთ კანონიერი გზით მოპოვებული “ფეისბუკის” საუბრების ჩანაწერები, საიდანაც დასტურდება, რომ შსს-ს წარმომადგენლები და დეპუტატის თანაშემწე ხელს აფარებენ მოძალადეს.  ეს ჩანაწერები ბაია პატრაიას 2014 წლიდან აქვს და თავად მოძალადემ მისცა საკუთარი “ფეისბუკის” პაროლი, რათა თავად დარწმუნებულიყო, რომ მფარველობდნენ.

 

“არსებობს ჩანაწერი, სადაც რამაზ ხ. ესაუბრება მამუკა კბილცეცხლაშვილს, რომელიც იმ დროისთვს იყო თელავის პოლიციის უფროსი. მამუკა კბილცეცხლაშვილი აწვდის საზღვრის კვეთის ფოტოებს იმ ადამიანის შესახებ, რომელთან ერთადაც მედეამ გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი. ასევე, არის მიმოწერა დოდო ხეთაგურთან. დოდო ხეთაგური გახლდათ დეპუტატ ტრიპოლსკის თანაშემწე. დოდო ხეთაგურთან მიმოწერები არის ძალიან შემაშფოთებელი იმიტომ, რომ ქალბატონი დოდო წერს, რომ რამაზ ხ-ს საქმე გადიოდა “მძიმეზე” და მან შეამსუბუქებინა ეს გამოძიება პროკურატურას და შსს-ს. ასევე, დოდო ხეთაგური საუბრობს დუშეთის პოლიციის უფროსზე, ზაზა მეხატიშვილზე, ახასიათებს მას დადებითად და ამბობს, რომ ზაზა ყოველთვის ეხმარება. მისი ხათრით არაერთხელ გამოუძვრენია დუშელები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან და რომ მას არასოდეს არ შექმნია პრობლემა ზაზასთან თანამშრომლობაში,”- ამბობს ბაია პატარაია. 

ასევე, პატარაიას განცხადებით, ჩანაწერების თანახმად, დოდო ხეთაგური რამაზ ხ-ს წერს, რომ იგეგმებოდა შეხვედრა ირაკლი ტრიპოლსკისთან, მოგვიანებით კი ხეთაგურმა მ.პ-ს დაუდასტურა, რომ ეს შეხვედრა შედგა.

 

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რიგითი ოჯახში ძალადობის საქმე. ეს არის საქმე, სადაც ქალის წინააღმდეგ ძალადობს არა მხოლოდ მისი ყოფილი მეუღლე, არამედ მთელი სამართალდამცავი სისტემა,”-ამბობს პატარაია.

“ქალთა მოძრაობა” აპირებს, რომ ჩანაწერები პროკურატურას გადასცეს. მათი განცხადებით, გარდა მ.პ-ს ცემის ფაქტებისა, აქ საქმე გვაქვს სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთანაც.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის, რომელმაც განაცხადა, რომ რამაზ ხ-ს არ შეხვედრია და “თვალით არ უნახავს”. მისი განცხადებით, არც ამ პირის და არც მისი ყოფილი ცოლის, დ.პ-ს შესახებ არაფერი იცის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ 2014 წლიდან დღემდე მ.პ-მ დუშეთის პოლიციაში  ყოფილი ქმრის წინააღმდეგ 18 საჩივარი შეიტანა. აქედან 13 განცხადებაზე რეაგირება მოხდა ადმინისტრაციული წესით, ხოლო სისხლის სამართლის საქმე 5 შემთხვევაზე აღიძრა:

“2014 წლის 22 მაისს – საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით [მუქარა] ; 2014 წლის  6 მარტს  – საქ. სსკ–ის 111–126-ე მუხლით. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმე გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 11′-118-ე მუხლით[ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მცდელობა] . მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რამაზ ხ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით; 2015 წლის 13 ოქტომბერს – საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით [ სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია], ვინაიდან რამაზ ხ.-ს ქმედებით გამოწვეული ზიანი არ აღემატებოდა 150 ლარს, სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო; 2015 წლის 10 დეკემბერს – საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით [ცემა]; 2016 წლის 13 იანვარს – სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ს 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით [. ავტომობილის, მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება].

დანიშნულია შესაბამისი  ექსპერტიზები და ტარდება სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედება.  დღეის მდგომარეობით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ რამაზ ხ.-ს მიმართ გამოცემულია 6-თვიანი დამცავი ორდერი. რამაზ ხ. ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ,”- აცნობეს ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი