კრასნოდარელი ბიზნესმენის “განახლებული საქართველო”

ნანა გულუა/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

ახალი პარტიის დამფუძნებელი ყრილობაზე მისული ხალხი

ახალი პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი ყრილობა თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შუადღის 3 საათზე დაინიშნა. ფილარმონიაში მისულ ჟურნალისტებს “ალა ფურშეტისთვის” გაშლილი სუფრა და პარტიის დელეგატები დახვდნენ, რომელთა შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არ იყვნენ. ყრილობის დაწყებამდე პარტია „განახლებული საქართველოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნუგზარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალი პარტიის ლიდერების გაცნობის საშუალება ჟურნალისტებს ყრილობაზე მიეცემოდათ, ხოლო მათთვის კითხვების დასმა იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებდნენ ამას თავად ჟურნალისტები.

ყრილობის დაწყებამდე ფილარმონიაში გამოჩნდა „სახალხო კრების“ წევრი, მსახიობი გურამ ფირცხალავა, რომელმაც თქვა, რომ ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა და ის პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებდა.

„ერთი ვიცი, რომ გულუა არის ბრწყინვალე პიროვნება, ბრწყინვალე ბიჭი და მინდა, რომ დავესწრო ამ პრეზენტაციას და ვუსურვებ
გამარჯვებას და წინსვლას. მე ვარ “სახალხო კრების” დარბაზის წევრი და არ ვიქნები ამ პარტიის წევრი. მე არა ვარ ის კაცი, პარტიაში რომ ვიყო. მისი საქმიანობის შესახებ წარმოდგენა მაქვს, თუმცა, პირადად არ ვიცნობ. ნატანჯი ბიჭია, მშრომელია, პატრიოტია და ყოველგვარად არის შემკობილი კოლხური სიყავრულით,“ – განუცხადა გურამ ფირცხალავამ ჟურნალისტებს.

ფილარმონიაში გამოჩნდა მამუკა გიორგაძე, რომელიც ყრილობაზე ასევე სტუმრის სტატუსით იყო მოსული. გიორგაძის თქმით, მან მხოლოდ ის იცის, რომ მინდია გულუა „სამების ტაძრის ტერიტორიაზე აშენებდა ტაძარს და არის საფეხბურთო კლუბ „სოხუმის“ მეპატრონე და შეექმნა პრობლემები.“

კითხვაზე, რატომ იმყოფებოდა პარტია „განახლებული საქართველოს“ დამფუძნებელ ყრილობაზე, ორგანიზაცია „ვეტერანები ვეტერანებისთვის“ წარმომადგენელმა გალინა ოზიაშვილმა განაცხადა: “მაინტერესებს რა ხდება, რა ძალა ყალიბდება. ძალაა თუ საპნის ბუშტი არ ვიცით, ამიტომ ჩვენი თვალით შევხედავთ პროგრამას და ა.შ. შემეცნებითი ვიზიტი გვაქვს. ჩვენ დაგვპატიჟეს სტუმრის სტატუსით.“   გალინა ოზიაშვილისვე თქმით, მას გულუას შესახებ რომ არ აქვს ინფორმაცია, სწორედ ამიტომ მივიდა პარტიის პრეზენტაციაზე.

„განახლებული საქართველოს“ პრეზენტაცია

მაშინ, როცა დელეგატებმა და ჟურნალისტებმა ფილარმონიაში ადგილები დაიკავეს, დარბაზი ჩაბნელდა, მერე სცენა განათდა, სცენაზე კი ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი გამოვიდა, რომლებმაც დოლზე დაუკრეს. მათ უკან, სცენაზე პარტიის სიმბოლიკიანი დროშა იყო გამოსახული. ახალი პარტიის ფერებია თეთრი, ლურჯი და ოქროსფერი. პარტიას „განახლებული საქართველო“ ჰქვია.

ბავშვთა ანსამბლის შემდეგ სცენაზე მომღერალთა გუნდი გამოვიდა, რომლებმაც ერთი ფოლკლორული სიმღერა შეასრულეს.
ფოლკლორული ანსამბლის შემდეგ კი ერთმა მომღერალმა საქართველოს ჰიმნიც იმღერა, რასაც დარბაზი ფეხზე წამოდგომით შეხვდა. ამის შემდეგ მონიტორზე უჩვენეს კადრები აფხაზეთისა და 2008 წლის აგვსიტოს ომიდან, შემდეგ კი ნაწყვეტები ლევან ანჯაფარიძის 2003 წელს გადაღებული ფილმიდან „არის ასეთი ქვეყანა.“

ვიდეოკადრების ჩვენების დასრულების შემდეგ სცენა მორიგებოით დაიკავეს მსახიობმა დიმა ჯაიანმა და ერეკლე საღლიანმა, რომლებმაც მიმართვის გარდა, სათქმელი ლექსითაც თქვეს.

„ისეთი ვითარებაა დღეს, მოსკოვის წარმომადგენელიც რომ მოვიდეს აქ ხელისუფლებაში და დაჯდეს, ვერ იზამს ამას[რუსეთთან შეერთებას]“, – მიმართა დელეგატებს საღლიანმა. მისი თქმით, საქართველომ გზა უკვე აირჩია და ვერანაირი პრორუსი ხლეისუფალი ამ გზას ვერ შეცვლის, დასტურად კი უკრაინის მაგალითი მოიყვანა. ერეკლე საღლიანი თქმით, იანუკოვიჩი ყველას პრორუსული ძალა ეგონა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

წესების შესაბამისად, დამფუძნებელმა ყრილობამ აირჩია პარტიის გამგეობის შვიდი წევრი: ნანა გულუა, ჯემალ ანთიძე, აპოლონ პაჭკორია, ლევან ვარნიანი, გელა მირდაკია, ირაკლი ქარდავა, გიორგი ვანიშვილი. მათგან ნანა გულუა პარტიის თავმჯდომარე გახდა, ჯემალ ანთიძე კი – პოლიტიკური მდივანი.

„განახლებული საქართველოს“ მიზანია კანონმდებლობის გამოყენებით ხელი შეუწყოს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებას საქართველოში, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას, სოციალურ უზრუნველყოფას, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სხვა სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას.

პარტიის თავმჯდომარე ნანა გულუა

ნანა გულუა/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

„ჩემი ძმებო და დებო, მე თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. მე თქვენთან ერთად დიდი საქმეების კეთების იმედი მაქვს. მაშ მოდი, დავდგეთ და ერთად ვიაროთ გაღატაკებული საქართველოდან ძლიერი საქართველოსკენ, ტერიტორიადაკარგული საქართველოდან, გამთლიანებული საქართველოსკენ, სოციალურად დაუცველი საქართველოდან სოციალურად დაცული საქართველოსკენ,“ – ასე მიმართა „განახლებული საქართველოს“ თავმჯდომარე ნანა გულუამ  ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მყოფ პირებს. მან ისაუბრა საკუთარ მშობლებზე, საკუთარ მოღვაწეობაზე, ოჯახზე, აფხაზეთზე – ეს ნანა გულუას პირველი შეხვედრა იყო ფართო საზოგადოებასთან, რის გამოც მის მიმართ დარბაზში ინტერესი აშკარად იგრძნობოდა.

ნანა გულუას 15-წუთიანი გამოსვლის მიუხედავად, გაჩნდა კითხვები, რომელზეც პასუხების მიღებას ჟურნალისტები ყრილობის დამთავრების შემდეგ შეეცადნენ. ნანა გულუამ ფილარმონიის დარბაზი უკომენტაროდ დატოვა, მას ფეხდაფეხ მისდევდნენ ჟურნალისტები. ახალი პარტიის თავმჯდომარე მხოლოდ ფილარმონიის გასასვლელთან შეჩერდა ორიოდ წუთით და ჟურნალისტებს უთხრა: „ძალიან სასიამოვნოა,  რომ გაქვთ შეკითხვები, მაგრამ როცა დავრეგისტრირდებით იურიდიულად, მერე მე მზად ვარ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი. გარდა ამისა, ნებისმიერი თქვენგანი დამეთანხმება იმაში, რომ ამ ფორმატით თქვენ ამომწურავ პასუხს ყველა შეკითხვაზე ვერ მიიღებთ, შესაბამისად, საზოგადოებაც ვერ მიიღებს ამომწურავ პასუხებს და არასწორ დასკვნებს გააკეთებს“

მას კითხვა დაუსვეს პარტიის დაფინასებისა და ძმის, რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მოღვაწე ბიზნესმენის, მინდია გულუას შესახებ, რომლის პოლიტიკურ გეგმებსაც უკავშირდება „განახლებული საქართველოს“ შექმნა.

„ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული იდეები, დაფინანსებასთან დაკავშირებითაც გვაქვს განსაკუთრებული იდეა.  ჩემი ძმა არის ჩემი ძმა და ის ჩემთან ერთად არის როგორც ძმა.  თქვენ როგორ გგონიათ, მე მყავს ისეთი ძმა, რომელიც არ დამეხმარება? მე ვარ მინდია გულუას და,“ – ამ სიტყვებით დაემშვიდობა ნანა გულუა ჟურნალისტებს. პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, პრესკონფერენციას „განახლებული საქართველოს“ ლიდერები უახლოეს ერთ თვეში გაამრთავენ, სადაც კითხვებსაც უპასუხებენ.

მინდია გულუა – კრასნოდარელი ბიზნესმენი

მინდია გულუა სოხუმში დაიბადა და გაიზარდა, ის 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში, ქართველების მხარესაც იბრძოდა, ომის დამთავრების შემდეგ კი რუსეთში გაემგზავრა. ახლა ის კრასნოდარის მხარეში და ზოგადად რუსეთში, ცნობილი ბიზნესმენია. რუსული მედიის ინფორმაციით, ის კრასნოდარის მხარეში „სასმელების მეფის“ სახელითაც არის ცნობილი. როგორც ერთ-ერთი რუსული გამოცემა იტყობინება, მინდია გულუას კრასნოდარის მხარის გუბერნატორობასაც აპირებდა, თუმცა, თავისი დაჯავშნული „ჰამერის“ აფეთქების შემდეგ დროებით მოსკოვში გაემგზავრა. მინდია გულუა კრასნოდარში ფლობს ალკოჰოლური სასმელების კომპანია «Ладожское-ს», რომელიც არაერთ სკანდალში გაეხვა. რუსული გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი შემთხვევა გულუას კომპანიის მიერ სხვა ბრენდის უკანონო გამოყენებას უკავშირდება, ასევე იყო შემთხვევა, როცა მისი კომპანია მაღალფასიანი სასმელის ეტიკეტით იაფფასიან არაყს ყიდდა.

როგორც თავად მინდია გულუა ამბობს, მან 2008 წელს, აგვსიტოს ომის შემდეგ გადაწყვიტა ბიზნესის ნაცვლად საზოგადოებრივი

მინდია გულუა

საქმიანობა დაეწყო.

„როცა წარმატებული ბიზნესმენი ხარ, დგება მომენტი, სანუკვარი ოცნების შესრულება რომ უნდა დაიწყო – ჩემი ოცნება კი ჩემი სოხუმი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა,“ -განაცხადა მინდია გულუამ გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას რამდენიმე თვის წინ. მინდია გულუა 2008 წლის 14 ნოემბერს აირჩიეს კრასნოდარის ქართველთა სამხარეო ორგანიზაცია «ივერიის» თავმჯდომარედ.

„მოგეხსენებათ, როცა მატერიალურად შეძლებული ადამიანი ხარ, ყველა ქვეყნის ხელისუფლება ანგარიშს გიწევს და პატივს გცემს. იმ პერიოდში ძალიან ბევრს დავეხმარეთ, პრობლემები მოვუგვარეთ, ჩვენი კავშირების წყალობით, და მერე მივხვდი, რომ ფულის შოვნიდან, უხეშად რომ ვთქვა, უნდა გადავსულიყავი იმ ხალხის დახმარებაზე, რომელსაც აქ ყველაზე მეტად ვჭირდები და რომლებზეც უამრავი ოჯახია დამოკიდებული საქართველოშიც,“ – ამბობს მინდია გულუა.

როგორც თავად ამბობს, მან 2009 წლის 15 სექტემბერს გაიცნო რუსეთში მოღვაწე სხვა ბიზნესმენები – ვლადიმერ ხომერიკი და ალექსანდრე ებრალიძე. გულუას მტკიცებით, ხომერიკსა და ებრალიძეს რუსეთში არსებულ მილიონიან ქართულ დიასპორაში დიდი გავლენა არა აქვთ და პოპულარობითაც არ სარგებლობენ, გარდა ამისა, ბიზნესმენმა მიიჩნია, რომ ებრალიძესა და ხომერიკს თანამემამულეების დახმარებაზე მეტად საკუთარი მიზნები და სურვილები ამოძრავებდათ, ამიტომ, საზოგადოებრივი საქმიანობა მათგან დამოუკიდებლად განაგრძო.

მინდია გულუას თქმით,  რუსეთის ფედერაციის 53 რეგიონის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ჩამოაყალიბა  სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია «საქართველოსთვის». 2010 წლის 26 მარტის დამფუძნებელ ყრილობაზე გულუა ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს.

„მაშინვე აღვნიშნე, რომ ჩემი სურვილია საზოგადოებრივი საქმიანობა (ხაზს ვუსვამ, საზოგადოებრივი და არა პოლიტიკური) და რომ მზად ვარ, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან ერთად, განვახორციელო ერთობლივი პროექტები, როგორც საქართველოში მცხოვრები ჩემი თანამემამულეებისთვის, ისე რუსეთში მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც ჩემი სამშობლოდან არის წასული,“- აცხადებდა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ რუსეთში მოღვაზე ქართველი ბიზნესმენი.

ბიზნესმენის თქმით, მას ქართველ სამართალდამცავებთან პრობლემები 2010 წლის დეკემბრის ბოლოს შეექმნა. საქართველოს შსს-მ მის კუთვნილ ქართულ საფეხბურთო კლუბ „სოხუმში“ ჩხრეკა ჩაატარა, ამოიღო ფინანსური დოკუმენტაცია, თუმცა არავინ დაუკავებიათ. საქმე აღიძრა ფულის გათეთრების მუხლით. გულუა მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური ზეწოლა იყო.

მისივე თქმით, სამართალდამცავებმა შეაჩერეს საქველმოქმედო ფონდ „მზე შინა და მზე გარეთას“  საქმიანობა. ფონდის თანადამფუძნებელი კი გულუასთან ერთად იყო საპატრიარქო.  ფონდის საქმიანობის სფეროს ეკლესიების მშენებლობა წარმოადგენდა.

დაყადაღების შემდეგ ფონდი დატოვა საპატრიარქომ.  გულუას თქმით, ამის მიზეზად საპატრიარქოს წარმომადგენელმა მეუფე შიომ ფონდის პოლიტიზირება დაასახელა, რაც ბიზნესმენისთვის გაუგებარი მიზეზია.

ბიზნესმენი ასევე აცხადებს, რომ ის შეხვედრია პუტინს და შესაძლოა, მისი და პუტინის შეხვედრის ფოტოები მართლაც არსებობდეს. როგორც გულუა ამტკიცებს, რუსეთში იციან, რომ ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აპირებს და ამას გაგებით ეკიდებიან.

ინტერნეტში, სხვადასხვა ვებგვერდებზე გავრცელებულია მინდია გულუას მიმართვა ქართველებისადმი, სადაც ბიზნესმენი ამბობს:

„ძვირფასო თანამემამულენო, დიდხანს ველოდი თქვენთან შეხვედრას. გულით მსურდა ზეციდან გადმომავალი მადლი თქვენთან ერთად ჩემს სამშობლოში გამეზიარებინა. თქვენთან განშორების მერე სულ ძიებაში ვარ, როგორ შევეშველო აფხაზეთს, ოსეთს, როგორ დავუამო ტკივილი ჩემს დედა საქართველოს. გული მადლია. მადლი სულ მცირე, ორ ადამიანს შორის უნდა დაიდოს – შემწირველსა და გამწირველს შორის. და ჩვენ, თუკი ორზე მეტნი ვართ და ცოდვას მადლი სჭარბობს, ეს უკვე გამარჯვებაა. ბატონებო, ვფიქრობ, რომ, ერთ სულ და ერთ ხორც უნდა შევიკრათ, უნდა გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთ, რათა გადავარჩინოთ ერთმანეთი და დაღუპული ძმების ხსოვნას სამარადჟამო ძეგლი დავუდგათ სოხუმის ცენტრში, საკუთარი ხელებით ავაგოთ მონუმენტი და მოვუწოდოთ ერთმანეთს,  რომ ამძ ეგლის აგებაში ყველა თაობამ მიიღოს მონაწილეობა. დაე, ყოველ ჩვენთაგანს, სისხლით და ცრემლით დადინდეს, რატა, ეს საბედისწერო, მტრის გასახარი შეცდომა აღარასოდეს არ განმეორდეს.”