ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის განცხადებები პირველ პრესკონფერენციაზე

1 ნოემბერი, 2011 • 2966
ბიძინა ივანიშვილის განცხადებები პირველ პრესკონფერენციაზე

ქართველმა მილიარდერმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, 1 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მან განაცხადა, რომ:

  • საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყებენ პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურას;

  • დადებითად შეაფასა რუსეთის მოსალოდნელი გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში

    განაცხადა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საქართველო გააგრძელებს მონაწილეობას ISAF-ის   ოპერაციაში;

  • საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული;>
  • როგორ მთავრობასაც აირჩევს რუსეთი, იმ მთავრობასთან უნდა ვაწაარმოოთ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა;

  • რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობები საზოგადოების ისეთივე წევრები არიან, როგორც სხვა დანარჩენი და მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკაც შესაბამისი იქნება;

  • პრესკონფერენციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გაიმართა, 200 -მდე ჟურნალისტი ესწრებოდა. ის საათნახევარს გაგრძელდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სრულად გადაიცა.

NATO -ში ინტეგრაცია

ბიძინა ივანიშვილმა ორ კითხვას უპასუხა საქართველოს NATO -ში გაწევრიანებისკენ სწრაფვასთან დაკავშირებით. “ბლუმბერგის” კითხვაზე, როგორია მისი ხედვა ამ საკითხზე, ივანიშვილმა უპასუხა, რომ სააკაშვილის ავტორიტარულმა ქმედებებმა “მნიშვნელოვნად გადაწია NATO -ში საქართველოს გაწევრიანების პერპექტივა”:

“ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, სამხედრო ინტერესების გარდა, ნატოში მისაღებად საჭიროა, ქვეყანაში მუშაობდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა მოსპო და ამ ქმედებებით მნიშვნელოვნად გადაწია NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პრესპექტივა”.

მეორე, უფრო კონკრეტული კითხვა, ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლმა ირაკლი ტაბლიაშვილმა დაუსვა. “ემხრობით თუ არა ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას და და თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შედეგ გაგრძელდება თუ არა ეს პოლიტიკა”?

ამ კითხვაზე ივანიშვილმა უპასუხა: “ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით ავღანისტანსა და ერაყში პატარა პარტნიორობა ასეთი დიდი გაერთიანების. ძალიან საინტერესო პოზიცია გვიჭირავს ჩვენ ამ კუთხით და მომავალში ასეთი დიდი გაერთიანების პარტნიორობა მომავალშიც მოვახერხო. კონკრეტულად რამდენად საჭიროა, რამდენი უნდა დავამატოთ, თუ გამოვაკლოთ ეს იქნება ანალიზის შემდეგ”.

ირაკლი ტრიპოლსკი და ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

ირაკლი ტრიპოლსკი და ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: თაზზო კუპრეიშვილი

2008 წლის ომი

“ბატონო ბიძინა, თქვენს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გაუაზრებელმა ქმედებამ გამოიწვია რუსეთის კიდევ უფრო გაუაზრებელი ქმედება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ თქვენ პასუხისმგებლობას აკისრებთ ამ სიტუაციაში ქართულ მხარეს და მას მიიჩნევთ, როგორც ომის ინიციატორს? “ინტერპრესნიუსის” და პალიტრა ტივი”-ს რეპორტიორის ვასილ გაფრინდაშვილის კითხვას ბიძინა ივანიშვილმა ასე უპასუხა:

“პირველ რიგში მე მოვიშველიებ ტალიავინის [კომისიის] დასკვას, მეორეც, მე წამოვიღე საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთ -საქართველოს ომის შედეგების შესახებ, რომელსაც ქართულმა დელეგაციამაც მისცა ხმა. ტალიავინის განცხადებაშიც და ამ რეზოლუციაშიც დაფიქსირებულია, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება. მე შემიძლია დაგიზუსტოთ იმ ქართველებს, ვისაც ეს საწყენად მიგაჩნიათ და შეგახსენოთ, პროცესი როგორ ვითარდებოდა. მოგეხსენებათ, ლიახვის სოფლები იბომბებოდა ოსეთის მხრიდან გაუგებარი ფორმირებებისაგან. ჩემი აზრით, სააკაშვილს უნდა დაეცვა ეს სოფელი, თითოეული მოსახლე შეიძლებოდა გამოეყვანა და საერთაშორისო ორგანიზაციები მოეწვია და დაეფიქსირებინა მდგომარეობა. სააკაშვილმა ჩაიდინა აბსოლუტურად გაუაზრებელი ქმედება და დაიწყო ცხინვალის დაბომბვა. ეს ფიქსირდება ყველაგან, გარდა იმ სამი არხისა, რომელიც მე ჩამოვთვალე [რუსთავი 2, იმედი, პირველი არხი]. მსოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის, საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

სააკაშვილი გვარწმუნებს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და მოიგო საქართველომ. გარდა იმისა, რომ ადამიანებს მეხსიერება არ დაუკარგავთ, ნუთუ ქართველი ხალხი ასეთი ბრიყვია. მახსენდება ჯორჯ ორუელის “1984” ფიქრის პოლიცია. ქართველი ხალხის ზომბირებას აპირებენ. განა არ გვახსოვს, ლომაია როგორ გვმოძღვრავდა ლევიტანივით, ეს სოფელი ავიღეთ და ამ სოფლებს ასახელებდა. განა ამის შემდეგ არ წამოვიდა ის დიდი აგრესია რუსეთისგან. ჩვენ სიმართლეს უნდა შევხედოთ. ნუ ცდილობენ ქართველი ხალხის მოტყუებას და დაბნელებას. მსოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის. სამი ხსენებული არხი სამი დღის განმავლობაში ამაზე ჩემი განცხადების გამო, ჩემი კრიტიკის გარდა არაფერს აკეთებდა. ასე იყო სიტუაცია. ჩვენი მეხსიერების წაშლას და ჩვენ ზომბირებას ისინი ვერ მოახერხებენ, თუმცა ამის მცდელობა აქვთ”.

რუსეთი

რუსეთთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა, რადგან მისი ბიზნესი რუსეთში და პოლიტკური ხედვა ჟურნალისტების განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო. ივანიშვილს, როგორც ბიზნესმენს, პირველი საინფორმაციო კავკასიური არხის ჟურნალისტმა თემურ კიღურაძემ ჰკითხა, არის თუ არა შესაძლებელი რუსეთთან ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება. ივანიშვილის თქმით, “ რა თქმა უნდა, რუსული ბაზარი არის უაღრესად საინტერესო, მთელი მსოფლიო იღწვის დღეს რუსული ბაზრისკენ. სააკაშვილმა საოცრად მოახერხა თავისი გაუაზრებელი არაადეკვატური და არადიპლომატიური განცხადებებით წყობიდან გამოეყვანა რუსეთის მთავრობა და შედეგად ის მივიღეთ, რომ საქართველოსთვის მთლიანად დაიკეტა ეს სივრცე, მაშინ, როცა ევროპაც და ამერიკაც რუსული ბაზრისკენ ისწრაფვის”. მისი აზრით, ეს ომამდე მოხდა. “რუსეთთან ურთიერთობას ჩვენზე გაცილებით მაღალი დემოკრატიების მქონე ქვეყნები ახერხებენ და ეს უნდა მოვახერხოთ ჩვენც. რა თქმა უნდა, რუსული ბაზარი ძალიან საინტერესოა ქართული ბიზნესისთვის, რა თქმა უნდა, უნდა შევძლოთ და აღვადგინოთ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი რადიოს ჟურნალისტმა რატი ხვისტანმა ივანიშვილს ლებედთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა:

“ბატონო ბიძინა, როდესაც თქვენ გენერალ ლებედევის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდით…

იძინა ივანიშვილი : ლებედის, უნდა წაგეკითხათ კარგად, სანამ მოხვიდოდით.

რატი ხვისტანი: დიახ, ლებედის, როდესაც მის კამპანიას აფინანსებდით, ხომ იცოდით, რომ 1989 წლის 9 აპრილს ის იყო სადამსჯელო ოპერაციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი. უფრო მეტიც, საქართველოს გარდა, ცნობილია მისი საქმიანობის შესახებ მოლდოვაში, სადაც მას ჯალათიც კი უწოდეს. რატომ ეხმარებოდით ადამიანს, რომელიც ამავდროულად რუსეთის იმპერიის აღდგენის მომხრე იყო?

ბიძინა ივანიშვილი: თქვენ, თავად, ჩემი ინტერვიუ წაკითხული გაქვთ, მერე ეგ კითხვა რატომ? რუსული კარგად იცით? იცით, რატომ გეკითხებით? მე ველოდი ამას [კითხვას] და აქვე მინდა განმარტება გავაკეთო. ქვეტექსტებით ნუ საუბრობთ. როდესაც მეკითხებით და მეძიებით ჩემ ნათქვამთან დაკავშირებით, ნება იბოძეთ და კარგად გაეცანით მასალებს. მე ვაფინანსებდი არა გენერალ ლებედს, არამედ იმ შვიდი უმსხვილესი კომპანიისგან, რომელიც მიწვეული იყვნენ ბორის ელცინის არჩევნების დროს, მე ვიყავი ერთ–ერთი. მე ვაფინანსებდი ბორის ელცინის არჩევნებს და თუ კარგად წაიკითხავთ, მე იქ ყველაზე კარგი და შედეგიანი სვლები გავაკეთე. მოვახერხე ის, რომ კომუნისტებს დაბრუნების საშუალება არ მისცემოდათ. ელცინის არჩევნების დროს ძალიან დიდი შესაძლებლობა იყო, რომ კომუნისტები დაბრუნებულიყვნენ. ლებედს შეეძლო ყველაზე კარგად კომუნისტების დაბალანსება. საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ მე ვიყავი მართალი და ზუსტად ჩემმა პოზიციამ გადაწყვიტა ის, რომ გაიმარჯვა ბორის ელცინმა და ამით საქართველოსაც მიეცა საშუალება, არ შემობრუნებულიყო უკან. ის, რაც ჩვენ კარგად ვიცით, არ დაბრუნებულიყვნენ კომუნისტები. მთელი დემოკრატიული სამყარო უჭერდა ამას მხარს. ღიად და ფარულად მათ სურდათ ბორის ელცინის გამარჯვება, აი, აქ ვიდექი მე.

რატი ხვისტანი: რამდენად დაგეხმარათ გენერალ ლებედთან ურთიერთობა კრასნოიარსკის ოლქში თქვენს ბიზნესსაქმინობასთან დაკავშირებით?

ბიძინა ივანიშვილი: “ არავითარი მონაწილეობა არ მიუღია ლებედს ჩემ ბიზნესში და მას არავითარი შეხება არ ჰქონია ჩემ ბიზნესთან. არც არაფერში დამხმარებია ლებედი”.

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა ლიკა ბერაიამ ჰკითხა, როგორ აპირებს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და რის საფუძველზე აცხადებს, რომ პუტინისგან დემოკრატიულ ნაბიჯებს ელის.

“რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების გატარებას, ეს ჩემი სურვილია და როგორ განახორციელებს, ამას ჩვენ ყველანი დავინახავთ.  რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას,  რომელსაც ჩვენი მოსვლის შემდეგ მყისიერად დავიწყებთ, მე ილუზია არ მაქვს, რომ ეს იოლი იქნება და არც განსაკუთრებული ფორმულები გამაჩნია.  მე დიდი იმედი მაქვს ინტერესთა თანხვედრის.  რა თქმა უნდა, ინტერესების დალაგებაზე როცა ჩამეკითხეთ, პირველ რიგში მხედველობაში გაქვთ  აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მდგომარეობა.  ერთადერთი იმედი, ერთადერთი არა, ერთ–ერთი, რომელიც მე გამაჩნია, არის, რომ მოხდება ინტერესთა თანხვედრა. ასეთ სიტუაციაში ყოფნა აფხაზეთისა და დეფაქტო სამხრეთ ოსეთის არც რუსეთისთვისაა სასურველი.  რუსეთს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობას ეს ძალიან შეუშლის ხელს და ამავდროულად მოგეხსენებათ, კავკასიის რეგიონი არის ფეთქებადი რეგიონი და რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვისაც ეს არ იქნება საინტერესო.  ძირითადი ესაა იმედი, რაზეც ვაკეთებ აქცენტს”, – უპასუხა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილს ასევე ჰკითხეს, არის თუ არა იგი კრემლის უკანასკნელი იმედი საქართველოში და უპრიანი ხომ არ იქნებოდა, რომ მას მეტი დამაჯერებლობისთვის ჯერ გაეყიდა ბიზნესი რუსეთში და შემდეგ მოსულიყო პოლიტიკაში?

პრესა.ჯი-ს  ამ და რუსეთთან დაკავშირებით სხვა ამ ტიპის კითხვებზე ივანიშვილი პასუხობდა, რომ ელოდა ამ კითხვას.

“ჩემი მოსვლის დღიდან მუსირებს, რომ მე კრემლის პროექტი ვარ, აგენტი, იმედი – ძირითადი შეტევა ამ კუთხით  ხორციელდება და ეს თემა ტრიალებს რუსთავი 2–ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედის და სხვა საინფორმაციო საშუალებების ეთერით. აგენტი,  იმედი, პროექტი, ერთი და იმავე აზრის მატარებელია. როცა ვთქვი, რომ რუსეთში 9 წელი არ ვყოფილვარ, ვაცნობიერებ, რომ ეს არგუმენტი საკმარისი არაა.  ამის შემდეგ, ალბათ, ადამიანის ქმედებით უნდა შევაფასოთ, რამდენად მტრული  შეიძლება ის იყოს ქვეყნისთვის. მე იძულებული ვარ, შევცვალო დამოკიდებულება და ვისაუბრო იმაზე, თუ რა გამიკეთებია ამ ქვეყნისთვის. 20 წლის წინ 450 ტრაქტორი გამოვგზავნე საქართველოსთვის, აქედან მოყოლებული სიკეთის მეტი ჩემი ქვეყნისთვის არაფერი გამიკეთებია და რა გაძლევთ ამის ტრიალის საშუალებას, ან რა გიჩენთ ასეთ ეჭვებს, რომ მე საქართველოს ზიანი შეიძლება მივაყენო”.

დამატებით არგუმენტებად ივანიშვილმა რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული სხვა ქართველები მოიყვანა:

“ თუ ასე ძალიან განიცდის სააკაშვილი, მისი სატელიტი ტელევიზიები და ჟურნალისტები ამ საკითხს, ორი კარგი მაგალითი გაქვთ– ბენდუქიძე, რომელიც ასევე მდიდარია [შეიძლება იმდენი არ აქვს, რამდენიც მე, მაგრამ მულტიმილიონერია] და სააკაშვილის მრჩევლად პირდაპირაა წამოსული რუსეთიდან და მინისტრად დანიშნა და მეორე, საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე.  რატომ ამ ორ შემთხვევაში არ ჩნდება იგივე კითხვები?”.

ივანიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ რუსეთთან დაკავშირებით კითხვები იმიტომ
ისმება, რომ სხვა არაფერი აქვთ სათქმელი, რადგან კანონი არასოდეს დაურღვევია.

ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებულ კითვაზე კი ივანიშვილმა განაცხადა, რომ ცხადია, უმჯობესი იყო, ჯერ გაეყიდა ბიზნესი და მერე მოსულიყო, თუმცა ასე იმიტომ მოხდა, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავდა,  ბიზნესი კი “არ შეიძლება გაიყიდოს ერთ და ორ დღეში”.

უმცირესობები

“ნეტგაზეთის” კითხვას, როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების მიმართ, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:

“მე მიმაჩნია, რომ სექსუალური, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები არიან ისეთივე წევრები ჩვენი საზოგადოების, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მოსახლეობა და დამოკიდებულება მათ მიმართ იქნება ისეთივე, როგორიც ყველასთან”.

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ბიძინა ივანიშვილმა კითხვაზე, როგორ აპირებს თანამშრომლობას პრეზიდენტ სააკაშვილთან იმ შემთხვევაში, თუკი მოვა პარლამენტში უმრავლესობაში, რადგან საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ წელიწადში უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები, ივანიშვილმა განაცხადა:

“პარლამენტში უმრავლესობით მოსვილისას მყისიერად დავიწყებთ, თუ სააკაშვილმა თვითონ ვერ მოახერხა განცხადების დაწერა, მყისიერად დავიწყებთ მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვას”.

ნაციონალური ტელევიზიები

პრესკონფერენციაზე, რომელიც საათნახევრის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, აღმოჩნდა, რომ შეთანხმების მიხედვით, პირველი კითხვა სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა დაესვა.  “ამ დემოკრატიით აპირებთ ევროპის გაოცებას?”, – ჰკითხა ივანიშვილს  “პირველი არხის” ჟურნალისტმა ნინო გომართელმა მას შემდეგ, რაც წარმოადგინა მისი ხედვა ივანიშვილისა და მედიის აქამდე არსებულ ურთერთობებზე.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალიტს კითხვა დაუბრუნა:

“ თქვენ გინდათ, რომ პირველი არხის დემოკრატია გავიზიაროთ და ამით ხართ მოხიბლული?  ჩემი სურვილია, თქვენ ასე არ დაიძაბოთ, ასეთი შეკითხვებით არ მოხვიდეთ და დასვათ ის შეკითხვები, რაც თქვენ გაგაჩნიათ პირადად  და არა იმის,  ვინც გიკვეთავთ. ჩემი მიზანია ნამდვილი დემოკრატიული გარემოს შექმნა, თავისუფალი მედიის შექმნა და არა ისეთის, როგორსაც პირველი არხი წარმოადგენს დღეს”.

პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ “პირველი არხი”, “იმედი” და “რუსთავი 2” არ არიან დამოუკიდებელი არხები და  რომ ამ ტელეკომპანიების წარმომადგენლები არ სვამენ რეალურად იმ კითხვებს, რაც მათ ნამდვილად აქვთ.

ხოლო მედია.ჯის რედაქტორის კითხვას, როცა ქვეყნაში ასეთი მედიაგარემოა, როგორ აპირებს ივანიშვილი თავისი სათქმელის ამომრჩევლებთან მიტანას და აქვს თუ არა რაიმე გეგმა ამ მიმართულებით, ივანიშვილმა თქვა, რომ მოსახლეობა მისი სათქმელი უკვე გაიგო.

არაორდინალური ტელევიზია

ბიძინა ივანიშვილმა არაორდინარული უწოდა “რეალ ტივის”, მას შემდეგ, რაც ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტმა კითხვა ბეღურებთან დაკავშირებით დაუსვა.

რატომ არ უყვარს ბიძინა ივანიშვილს ბეღურები, იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის პინგვინმა  შეჭამა ბეღურა და ამის შემდეგ პინგვინი დაიღუპა, თუ მხოლოდ იმის გამო, რომ მერცხლებს ბუდეს უნგრევს? თუ მერცხლებისთვის ბუდის დანგრევის გამო არ გიყვართ, მაშინ ვისაუბროთ ამერიკული სოფლის დანგრევის დროს თქვენს პასუხისმგებლობაზე– ეს იყო “რეალ ტივის” შეკითხვა.

“თქვენი ტელევიზია ძალიან არაორდინალურია და მე მეშინია ჩემი პასუხით მკითხავებს არ წავართვა ადგილი და უხელფასოდ არ დავტოვო ისინი, [ივანიშვილმა რეალ ტივის ეთერით გასულ გადაცემაზე მიუთითა]. სხვათა შორის, მერაბიშვილზე უკეთესი წარმოდგენა მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით.  ბეღურები ცოტათი სააკაშვილს მაგონებენ. არავის არ უნდა წავართვათ ბინა.   ბეღურა არ გადაუყლაპია ჩემ პინგვინს, მერცხალი გადაყლაპა, ძალიან სწრაფად ტრიალებდნენ იმ ტბასთან, რომელიც პინგვინებს ეკუთვნის. რაც შეეხება ამერიკულ სოფელს, იქ  უამრავი კანონდარღვევა იყო, ამაზე უამრავი მასალა არსებობს და აქ ვერ გავარჩევთ. ჩემს მიწაზე აშენდა, ყველანაირი თანხა გადავუხადე, ორჯერ და სამჯერ მეტი, ამიტომ ამასთან დაკავშირებით შეკითხვები აღარ რჩება, ძალიან კარგად მოვექეცი მაგათ, იმაზე კარგად, ვიდრე იმსახურებდნენ. ”

მასალების გადაბეჭდვის წესი