ნაციონალების თქმით, 10 ჰა ფართობის მიწა ბოტანიკურ ბაღთან მშენებლობის ნებართვის გარეშე გაყიდეს

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საჯარო გახადეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც “ფინსერვისის” საკუთრებაში არსებული 10 ჰა მიწა, თავის დროზე, მშენებლობის უფლების გარეშე მიჰყიდეს.

თბილისის საკრებულოში დღეს, 28 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ ეს ტერიტორია ფინსერვისს 2007 წლის 13 ივნისს 3 600 000 ლარად მიჰყიდეს.

აბესაძის თქმით, ხელშეკრულებაში ჩადებული იყო განსაკუთრებული პირობა შემდეგი წინადადებით, “რეკრეაციული ფუნქციის შენარჩუნება, მშენებლობის უფლების გარეშე”. აბესაძის განმარტებით, ამ პერიოდში აღნიშნულ ნაკვეთს ლანშაფტურ-რეკრეაციული სტატუსი ჰქონდა.

“თავის დროზე, ის 4 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა, არ გასხვისებულა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია. ტერიტორია გასხვისდა, ხაზგასმით, მშენებლობის უფლების გარეშე”, – განაცხადა აბესაძემ.

დღეს საკრებულოში დაბარებული იყო თბილისის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე, რომელიც არ მივიდა შეხვედრაზე, რადგან სხვა შეხვედრა ჰქონდა დანიშნული. აბესაძე ამბობს, რომ სურდათ მისთვის ეკითხათ, რატომ გაიყიდა ეს ნაკვეთი და რატომაა მისი ფასი შეუსაბამოდ დაბალი.

აბესაძის თქმით, არქიტექტურის სამსახურს”ფინსერვისისთვის”  წინასწარი ნებართვა სასტუმროს ასაშენებლად  უკვე გაცემული აქვს.

“ფინსერვისს”, რომელიც ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული, ბოტანიკური ბაღის კუთნილი 4 ჰა მისცეს. ამის სანაცვლოდ “ფინსერვისმა” სხვა 4 ჰა ფართობის მიწა მისცა ბოტანიკურ ბაღს, რომელიც 2007 წელს ჰქონდა ნაყიდი 10 ჰა-ს სახით.

ამავდროულად, ბოტანიკური ბაღისა და “ფინსერვისის” კუთვნილი მიწის მიმდებარედ მერიამ აუქციონზე გასაყიდად 6 233 000 მილიონ ლარად გაიტანა 30 ჰა მიწის ნაკვეთი. აუქციონი, რომელიც 3 მაისს უნდა დასრულდეს, შემდეგ პირობას ითვალისწინებს: გამარჯვებულმა, სულ მცირე, 80-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა ააშენოს.

აუქციონზე გატანილი მიწის მიმდებარედ მერიას გაჰყავს გზა, რომელმაც უნდა დააკავშიროს შინდისი და კრწანისი. 2016 წლის 17 მარტს მერიამ საკრებულოს მიმართა, რომ გზის გასაყვან ტერიტორიას შეცვლოდა ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი, რადგან ამ ზონაში მშენებლობა არ შეიძლება. ამავე დოკუმენტით კენჭი უყარეს აღნიშნული 30 ჰა ფართობის მიწისათვის ლანშაფტურ-რეკრეაციული ზონის შეცვლას, რამაც საკრებულოს წევრების პროტესტი გამოიწვია.

მათი თქმით, მერიამ მოიტყუა, რადგან დოკუმენტში მითითებული არ იყო, რომ ამ ტერიტორიას ზონის სტატუსი სასტუმროს მშენებლობის გამო ეცვლებოდა.

თბილისის ბოტანიკური ბაღი