პრემიერი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 25-29 აპრილს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

პრემიერის პრესსამსახირის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება.

დაგეგმილია შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან, ასევე, ამერიკული ბიზნესწრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებთან.

პრემიერ-მინისტრი გამართავს შეხვედრებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, მინ ჟუსთან.

დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში და ილინოისის უნივერსიტეტში. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება ბოსტონში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.