რუსთავი 2-ს აინტერესებს, პირდაპირ ეთერში დაუსვას კითხვები ივანიშვილს

ტელეკომპანია “რუსთავი 2” ერთ- ერთია იმ ტელევიზიებიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებების სიაში მოხვდა პირდაპირ ეთერთან დაკავშირებით. “ნეტგაზეთმა”  “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსს გიორგი ლაფერაშვილს თხოვა კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთი: აპირებთ თუ არა მიიღოთ ბიძინა ივანიშვილის ეს შეთავაზება?

გიორგი ლაფერაშვილი: ძალიან საინტერესო და ცოტა უცნაური იყო ჩემთვის ის, რომ ჟურნალისტებისგან გავიგე ამ შეთავაზების შესახებ.  თავად ბატონი ბიძინას პრეს–სამსახურიდან არავინ დაგვკავშირებია. როგორც წესი, როდესაც პირდაპირ ეთერზეა საუბარი, ასეთ ამბებს გაზეთის ფურცლებიდან, ან სააგენტოდან არ ვიგებთ ხოლმე, წინასწარ არსებობს გარკვეული მოლაპარაკებები.  მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენი პოზიცია ასეთია:  ყოველთვის, განსაკუთრებით ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიამოვნებით მივალთ პრესკონფერენციაზე და გავაშუქებთ ყველა იმ თემას, რომელიც იქ წამოიჭრება. ჩვენც ვადასტურებთ, რომ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან გასაუბრება ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო თემაა. როგორც მინიმუმ, კადრი გვექნება მისი წესიერი, თან გავიგებდით რეალურად, ეს კაცი რას ფიქრობს და რას ლაპარაკობს.

მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, პირველი შემთხვევაა ნამდვილად, როდესაც პრესკონფერენციის ჩატარების წინაპირობად სახელდება პირდაპირი ეთერი. თუ ეს ასეა, რა დასკვნაც მე ამ განცხადებიდან გამოვიტანე, ალბათ ასეა,  დაგვიკავშირდნენ, ვისაუბროთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე არ გამოვრიცხავ არც პირდაპირ ეთერს, არც ჟურნალისტის ჩართვას, არც მერე კადრ–სინქრონის, ან სიუჟეტით  ამ ამბის გაშუქებას. ეს ყველაფერი ჩემი გადასაწყვეტია.  ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვგონია რედაქციაში და პრესის ფურცლებიდან ცოტა ვერ გავიგე, რა ხდება.

“ნეტგაზეთი”: ეს განცხადება გაიგეთ როგორც ულტიმატუმი?


გიორგი ლაფერაშვილი: ასე აღვიქვი, იმიტომ რომ, მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები. სამ არხზე იყო შეთავაზება, სამივე არხმა ერთდროულად უნდა ჩავრთოთ?  ერთმა უნდა ჩართოს? სამივე რომ არ დათანხმდეს და ორი დათანხმდეს, შედგება პრესკონფერენცია, თუ არ შედგება?  ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. ზოგადად ბატონ ირაკლი ტრიპოლსკისთან დაკავშირება ბოლო დროის განმავლობაში ჩვენ ვერ მოვახერხეთ. ქალბატონი  ნაბახტეველი ამბობს, რომ მას არ ეხება ეს საკითხი, ამიტომ ცოტა გაურკვევლობაში ვართ და თუ დაგვიკავშირდებიან და აგვიხსნიან, რას გულისხმობენ ამ განცხადებაში, მერე ჩამოვყალიბდებით იმის მიხედვით.

“ნეტგაზეთი”: განცხადებაში  საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილი არ მივა ტელევიზიების სტუდიებში და სურს, რომ ჟურნალისტებს თავისი ოფისიდან ჩაერთოს , რასაც აკეთებენ ხოლმე ტელევიზიები სხვა შემთხვევებში. ასეთი ფორმატი თქვენთვის მისაღებია?

ლაფერაშვილი: შალვა ნათელაშვილი მართავს პრესკონფერენციას თავის ოთახში და არ მართავს პრესკონფერენციას რომელიმე ტელევიზიის ოფისში, ან ირაკლი ალასანია, ან გიორგი თარგამაძე, ან ნაციონალური მოძრაობის რომელი ლიდერიც გინდათ. ოფისები იმისთვის არსებობს, რომ იქ ტარდება პრესკონფერენციები. იმის პრაქტიკაც არსებობს, რომ პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში ჩაირთოს.  ამიტომ რა იგულისხმება ამ შეთავაზებაში, ეს უკვე აღარ ვიცი. მაგრამ ეს გადაწყვეტილება, ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში, თუ არ ჩავრთავთ- რედაქციის მისაღებია. თუ წინაპირობა არის პრესკონფერენციის ჩატარების ის,  რომ ამ არხზე იყოს პირდაპირი ეთერი, მაშინ ვინმემ ჯერ უნდა გვითხრას, რომ ასეა და შემდეგ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ.

ნეტგაზეთი: ანუ, თუ თქვენთვის გასაგები იქნებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილს  სურს  პირდაპირ ეთერში ჩაერთოს “რუსთავი 2–ს”, ოღონდ  თავისი ოფისიდან, ეს მისაღები იქნებოდა?

გიორგი ლაფერაშვილი: რას ნიშნავს პირდაპირ ეთერში ჩაერთოს?  წამყვანი მას სტუდიიდან დაუსვამს შეკითხვას? იქ იქნება ჟურნალისტი და იქიდან მოხდება ჩართვა?  ყველა ჟურნალისტი იქ იქნება და ეს პროცესი გაშუქდება, თუ რა იგულისხმება?

ნეტგაზეთი: თქვენს წამყვანს რომ მიეცეს სტუდიიდან კითხვების დასმის უფლება პირდაპირ ეთერში?

გიორგი ლაფერაშვილი: თქვენ გაინტერესებთ რუსთავი 2  დაინტერესებულია თუ არა იმით, რომ პირდაპირ ეთერში კითხვები დაუსვას ბიძინა ივანიშვილს? რუსთავი 2–ს ამისი ინტერესი, რა თქმა უნდა, აქვს, ისევე, როგორც სხვას.  სხვა ამბავია  მე ამის გამო ეთერი როდის უნდა გავჭრა, მაინცდამაინც 7–ის 12 წუთზე დაიწყება ეს ამბავი, თუ 4–ის 23 წუთზე. მოქმედ ფორმატში, “კურიერის” შეკითხვებს ბიძინა ივანიშვილი უპასუხებს, თუ რა იქნება.  ეს მე არ ვიცი და არ მგონია, ურთიერთობის სწორი ფორმა იყოს ამ ყველაფრის გარკვევა ან თქვენთან,  ან რომელიმე სააგენტოსთან.