ელოშვილი: სოფელი ცდოს ელექტროგადამცემი ხაზის შემოვლითი გზით გაყვანა გაუმართლებელია

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სოფელ ცდოში ელექტროგადამცემი ხაზების შემოვლითი გზით გაყვანა გაუმართლებელია და სოფლის ფერდობზე ელექტროგადამცემი ხაზის ოთხი ბოძის დადგმა მოსახლეობას არ აზიანებს.

საქმე ეხება სოფელ ცდოში “დარიალი-სტეფანწმინდის” 220 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, რასაც ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან. მშენებლობის გასაპროტესტებლად ხმაურიანი აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამ გადამცემი ხაზის სოფელ ცდოზე გატარება “შეზღუდავს სოფლის განვითარებას”. ისინი მოითხოვენ, რომ გამგეობამ გაუუქმოს კომპანიას ნებართვა და შეისწავლონ მოსახლეობის მიერ შეთავაზებული ალტერნატივა, “რაც სოფელს აარიდებს მის სამოსახლო ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს”.

ილია ელოშვილი ამბობს, რომ 4 ბოძი, რომელიც სოფელ ცდოსთან ელექტროგადამცემი ხაზების გასაყვანად უნდა გამოიყენონ, საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებულია და მოსახლეობას პრობლემას არ შეუქმნის.

მან ასევე განაცხადა, რომ ის ოთხი ბოძი, რომელიც ფერდობზე გადააქვთ, მანამდე თვითონ სოფელში, საცხოვრებელ სახლებთან გადიოდა. მისივე თქმით, არსებული ბოძები სოფელში კვლავ დარჩება, თუმცა მათ აღარ გამოიყენებენ და რემონტის ფარგლებში მიმართულებას ოდნავ შეიცვლის სოფლის ფერდობზე მშენებარე ოთხი ახალი ბოძის საშუალებით.

“ეს არ არის მშენებლობა. ეს ხაზი იქ უკვე ათეულობით წლებია არსებობს. ეს არის ამ ხაზის გარემონტება და გაძლიერება. საჭიროა იმისთვის, რომ დარიალის ენერგია გამოვიტანოთ დარიალის ხეობიდან, უფრო მეტი დატვირთვა ექნება და ტექნიკურად საჭიროა მისი გარემონტება. 4 ბოძი, რომელიც გადის სოფელზე, ამ რემონტის ფარგლებში გადადის მთის ფერდობზე, რომელიც არავის სარგებლობაში არ არის და არანაირი კულტურული გამოყენება მეურნეობის კუთხით, ან სოფლის მეურნეობის კულტურის მოყვანის კუთხით არ გააჩნია,”-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

იგი ასევე ამბობს, რომ ხაზის ალტერნატიული გზით გაყვანა გაუმართლებელია ეკონომიკური კუთხითაც:

“ალტერნატივას რაც შეეხება: მოთხოვნა არის, რომ ეს ხაზი საერთოდ აქედან გადავიტანოთ. ეს ნიშნავს, რომ ის უნდა გამოვატაროთ დარიალზე, რაც არის ეკონომიკურად გაუმართლებელი. ასეთი კრიტერიუმებით და ასეთი მიდგომებით სახელმწიფომ თუ დაიწყო მოქმედება, ყოვლად გაუმართლებლად, მილიონობთ დოლარის ხარჯებით, პლუს ამას დარიალის კორიდორში ერთ ხაზს გავატარებთ, რომელიც მერე ჩაკეტავს სხვა ხაზების პერსპექტივებს, ეს უკვე სცილდება ლოგიკურ ფარგლებს,”- აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, იგი სოფელში იყო და ესაუბრა ადგილობრივებს, ასევე გამგებელს, და შეიტყო, რომ რამდენიმე ადგილობრივს კომპენსაციის მიღება სურდა. მისივე თქმით, თუკი ამ ადამიანებს კანონითა და სტანდარტების თანახმად კომპენსაცია ეკუთვნით, ისინი ამ კომპენსაციას მიიღებენ:

“ვნახე გამგებელი, რომელმაც თქვა, რომ არის რამდენიმე ადამიანი, რომელსაც აქვს კომპენსაციებთან პრობლემა. მე ვთხოვე მას, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოიყვანოს ჩვენთან ეს ადამიანები და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით მათთან სამართლიანები,”- აღნიშნავს ელოშვილი.

“დარიალი-სტეფანწმინდას” ელექტროგადამცემი ხაზის სარემონტო სამუშაოებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა აწარმოებს.