“ქართუ ჯგუფი” ტექოლოგიურ ინსტიტუტის შენობას აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებს

ტექნოლოგიური ინსტიტუტის შენობა თბილისში, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს”  “ქართუ ჯგუფში” განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მშენებლობას საფუძველი მიმდინარე წლის 23 მაისს ჩაეყრება.

ცნობილია, რომ ინსტიტუტის დამფუძნებელი საქართველოს მთავრობაა, პროექტს კი მთლიანად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი  დააფინანსებს.

“ქართუ ჯგუფში” პროექტის ღირებულებაზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ რამდენიმეეტაპიანი მშენებლობის განხორციელება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

“არც ვიცი, რამდენად კორექტულია თანხაზე საუბარი. ეს ხომ არ არის სახელმწიფო თანხები, ეს არის ფონდის სახსრები, ამიტომ არსებითი მნიშვნელობა, მე მგონი, მაგ თანხებს არ აქვს. მაგრამ საკმაოდ დიდი თანხა დაჯდება გამომდინარე იქიდან, რომ უზარმაზარი პროექტია და ფაქტობრივად სიდიდით მეხუთე იქნება მსოფლიოში, იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ” – განუცხადეს “ნეტგაზეთს” “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათივე ცნობით, ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიზანი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის,  კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევების განხორციელებაა. პარალელურად, როგორც ფონდში აცხადებენ, ინსტიტუტის მაგისტრებთან და დოქტორანტებთან ერთად შეიქმნება თანამედროვე ექსპერიმენტული ბაზა ფუნდამენტური მეცნიერებებისათვის, რომელიც ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ- საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად აუცილებელია.

“ქართუს” განცხადებით, ინსტიტუტს გამოყენებითი მნიშვნელობაც ექნება, რაც მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მეთოდს – სიმსივნის ადრონულ თერაპიას ეფუძნება. “ქართუ ჯგუფის” ინფორმაციით, ტექნოლოგიური ინსტიტუტი კომპლექსური ხასიათისაა და მას თანამედროვე მსოფლიო დონის მასშტაბური კვლევითი ცენტრის დანიშნულება აქვს.

“ტექნოლოგიურ ინსტიტუტს საქართველოსთვის იგივე დატვირთვა ექნება, როგორც CNAO-ს (ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრი), INFN-ს (იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი) იტალიისთვის და  CERN-ს (ბირთვულ კვლევათა ევროპული ცენტრი) ევროპისთვის” – აცხადებენ “ქართუ ჯგუფში”.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობამ ექპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების  გაზიარების მიზნით CERN, CNAO და INFN -თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.  

ცნობილია, რომ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მოწვეულია პროფესორი გია დვალი. ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორია დოქტორი თეიმურაზ ლომთაძე.   ფონდის განცხადებით, ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და იტალიის სამეცნიერო ცენტრებს შორის ურთიერთთანამშრომლობაში აქტიურად არის  ჩართული იტალიის საელჩო საქართველოში.

“ქართუ ჯგუფის” ცნობით,  პარალელურად, ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში გამართავს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებას, რომელშიც ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ იტალიის, გერმანიის, იაპონიის კვლევითი ცენტრების ცნობილი მეცნიერები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი. იგეგმება საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, სტუდენტებთან და სამეცნიერო წრეებთან. ჩატარდება ლექციები ფიზიკის და მათმატიკის ფაკულტეტების სტუდენტებისთვისაც.

ტენოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას წინა ხელისუფლებაც გეგმავდა. შენობა, რომელიც ამ მიზნისთვის ბათუმში ააშენეს, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ 25 მილიონ ლარად გაყიდა.