დევნილები სტუდქალაქიდან გასახლებაზე უარს ამბობენ

დევნილი ქალბატონი, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად ბაგების სტუდქალაქის მეოთხე კორპუსში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს, საცხოვრებელი ფართის დატოვებას არ აპირებს.

მის გასახლებას, ისევე, როგორც ამავე კორპუსში მცხოვრები კიდევ ერთი დევნილი ოჯახისას, დღეს დილიდან შენობაში მისული აღსრულების ბიუროს თანამშრომლები ითხოვენ.

ბიუროს თანამშრომლებმა დევნილებს განუცხადეს, რომ მათი ბინები აუქციონზე გაიყიდა და, შესაბამისად, ახალი მფლობელი ფართის გამოთავისუფლებას მოითხოვს. დევნილების თქმით, ისინი ამის თაობაზე ექვსი დღით ადრე გააფრთხილეს.

ამ წუთებში ბაგების სტუდქალაქის მეოთხე კორპუსში ხმაური ისმის. დევნილები საცხოვრებელი ფართების დაცლაზე უარს აცხადებენ.