ქუთაისში გაფიცულმა მუშებმა შიმშილობა დაიწყეს[video]

ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის გაფიცულ მუშებს იქვე მცხოვრები მოახლეობის ნაწილი შეუერთდა. ისინი ქარხნის ფუნქციონირების გამო შექმნილი ეკოლოგიურ პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ, კერძოდ, ქარხანაში ფილტრების დაყენებას, რაც შეამცირებს გამონაბოლქვს.

ქუთაისელი ნარგიზა ჯღამაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ თაბუკაშვილის ქუჩის (ქარხნის მიმდებარე ტერიტორია) მცხოვრებლები ფანჯრებს ვერ აღებენ, სარეცხს ვერ ფენენ და ბავშვები გარეთ ვერ გამოყავთ, ქარხნიდან წამოსული გამონაბოლქვის გამო. მისი თქმით, მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ქუთაისის მერიას აღნიშნული პრობლემის მოწესრიგების თხოვნით, მაგრამ – უშედეგოდ.

პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართა ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის გაფიცული თანამშრომლებიდან ორმა მათგანმა.

გოჩა დარჯანიამ და მალხაზ გოგილავამ მეტალურგიულ ქარხანა «ჰერკულესის» წინ კარვები გაშალეს და უვადო შიმშილობა დაიწყეს. დანარჩენი გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ისინიც შეუერთებიან შიმშილობის აქციას. კარვის გაშლიდან რამდენიმე წუთში, პოლიციამ მათ კარავი ქარხნისმიმდებარე ტერიტორიიდან ჯერ სხვა ადგილზე გადაატანინა, შემდეგ კი საერთოდ ააღებინა. სამართალდამცავებმა საკუთარი ქმედება ჟურნალისტებსა და გაფუცულებს არ განუმარტეს.

ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების ნაწილი დღეს გაიფიცა. ამ წუთებში ქარხანასთან 70-მდე ადამიანია შეკრებილი, რომელთა შორის არიან ქარხნის ადმინისტრაციის მიერ დათხოვილი 17 თანამშრომელი, ქარხნის მუშები და პროფკავშირების წარმომადგენლები.

ისინი ქარხანაში არასათანადო სამუშაო პირობებს და თანამშრომლების უკანონოდ დათხოვნას აპროტესტებენ.

დილითვე შელაპარაკება მოხდა ქარხნის გაფიცულ მუშებსა და ქარხნის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელ რეზო გიორგაძეს შორის. გიორგაძემ გაფიცულებს პროვოკატორები უწოდა და უსაყვედურა იმის გამო, რომ ისინი ქარხნის დანარჩენ მუშებსაც მოუწოდებენ გაფიცვისკენ.

გიორგაძემ გაფიცული მუშების მოთხოვნებს უსაფუძვლო უწოდა, გაფიცულებს კი – «უსაქმურები». მისი თქმით, გაფიცულებს რომ მუშაობა უნდოდეთ, ისინი ახლა ქარხანაში იქნებოდნენ და არა – გაფიცვაზე. გიორგაძემ აღნიშნა, რომ 17 მუშა სამსახურში დაგვიანების და გამოუცხადებლობის გამო გაათავისუფლეს და არა სამუშაო პირობებისადმი პროტესტის გამოთქმის გამო.

«იდეალური სამუშაო პირობები არ არის, მაგრამ ყველაფერი გამოსწორების გზაზე დგას», – აღნიშნა ქარხნის განყოფილების უფროსმა.

შპს ”ევრაზიან სთილსის” მეტალურგიულ ქარხანაში ”ჰერკულესი”, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, დაპირისპირება ქარხნის მუშებსა და ადმინისტრაციას შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ქარხანაში საქართველოს დაახლოებით 350 და ინდოეთის 150 მოქალაქე მუშაობს. ქარხანაში დასაქმებული ადგილობრივები ხელმძღვანელობისგან უკვე რამდენიმე თვეა, ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და კანონით დადგენილი შეღავათებით სარგებლობას.

ქარხნის მუშები საკუთარი მოთხოვნების რეალიზებას პროფკავშირების საშუალებით ცდილობენ.  მათ პროფკავშირის კომიტეტის შექმნა ქარხანაში მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ქარხნის ხელმძღვანელობამ 2011 წლის ზაფხულში ქარხნის რამდენიმე მუშა სამსახურიდან პირობების გაუმჯობესების მოთხოვნის შემდეგ დაითხოვეს. ”ჰერკულესის” თანამშრომლებმა პროფესიული კავშირი 2011 წლის 4 აგვისტოს დააარსეს.

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ ”ჰერკულესის” ადმინისტრაციის მხრიდან თანამშრომლებზე ზეწოლა გაძლიერდა. პროფკავშირის წევრებმა ქარხანაში 2 სექტემბერს ორსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს, რის შემდეგაც, ამავე პროფკავშირის ინფორმაციით, ქარხანამ კიდევ რამდენიმე ადამიანი გაათავისუფლა. სამსახურიდან დათხოვილთა რიცხვმა 17-ს მიაღწია.

ქარხნის ადმინისტრაციის, კერძოდ კი, მისი ერთ–ერთი მფლობელის, პაატა ჩხენკელის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულია: 11–კაციანი პროფკავშირული კომიტეტის 7 წევრი – ირაკლი იობიძე, ირაკლი სირბილაძე, გოჩა მელაძე, მამუკა ჯაიანი, დარეჯან რობაქიძე, ემილო გუმბერიძე, მალხაზ გოგიავა; პროფკავშირის სარევიზიო კომისიის სამიდან ორი წევრი – კახაბერ ტურაბელიძე, გოჩა დარჯანია; პოფკავშირის 7 აქტიური წევრი – ზაზა კამლაძე, ამირან ჭოლაძე, დიმიტრი წულაია, გაგა ელიაშვილი, დავით კიზირია, გიორგი შვანგირაძე, გიგა სხირტლაძე, ჯემალ გოგელიძე.

პროფკავშირების წარმომადგენელთა მტკიცებით,  ქარხნის ადმინისტრაცია სამსახურიდან ათავისუფლებს პროფკავშირის ხელმძღვანელებს და ყველაზე აქტიურ წევრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ, როგორც გამაფრთხილებელი გაფიცვის ორგანიზებაში, ისე პრეს–კონფერენციებსა და სხვა კანონიერ აქტივობებში.

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ”ჰერკულესში” მომუშავე ადამიანებს ქარხანაში არ ურიგდებათ სპეცტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე, საკმარისი რაოდენობის ყურის დამცავი ხმაურის ჩამხშობი. მათივე თქმით, სპეცტანსაცმელი თვეში 2-ჯერ რიგდება, რაც არასაკმარისია, რადგან ის 2-3 დღეში ზიანდება.

მუშები ასევე საუბრობენ სამუშაო იარაღების ნაკლებობაზე, ამწეებისა და ბაგირების გაუმართაობაზე, გასახდელებისა და კარადების საკმარისი რაოდენობის უქონლობაზე. მათივე ინფორმაციით, ქარხანაში არ არის კვების ბლოკი, სადაც განთავსებული იქნება სკამები და მაგიდები. ტუალეტებში ანტისანიტარიაა, აბაზანების რაოდენობა კი საკმარისი არ არის. პროფკავშირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქარხანაში სამედიცინო პუნქტი არ მუშაობს ღამით, როცა ტრავმების მიღების რისკი მაღალია, ასევე არ არის დადგენილი ხელფასის გაცემის კონკრეტული თარიღი, მოუწესრიგებელია ანაზღაურებადი შვებულების გაცემის სისტემა, ქარხსნის ხელმძღვანელობა კი ხელფასს არ უხდის სახელმწიფო რეზერვში რამდენიმე კვირით გაწვეულ თანამშრომლებს.

ჰერკულესის” თანამშრომელთა დიდი ნაწილი გაფიცვებისა და პროტესტის გაგრძელებას იმ დრომდე აპირებენ, სანამ ქარხნის ხელმძღვანელობასთან სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებისას შესაბამის შედეგს არ მიაღწევენ.

ქარხანა “ჰერკულესი” ქუთაისში 2008 წელს პირადად ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. ქარხანა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც სს “ქუთაისის რკინა-ბეტონის ნაკეთობათა N2 ქარხნის” აქციების 95,01% შპს “ევრაზიან სტილსმა” შეიძინა, ხოლო მოგვიანებით ამავე კომპანიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად იძულებით შეისყიდა თანამშრომლების საკუთრებაში არსებული აქციების 4,99%–იც. თავის მხრივ, “ევრაზიან სტილსის” 87,5%–ის მფლობელი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული კომპანია – “ევრაზიან ვენტურეზ ფზე”–ა, ხოლო 12,5%–ის მფლობელი – პაატა ჩხენკელი, ქარხნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ქარხნის ფინანსურ მენეჯმენტს ინდური მხარე აწარმოებს.