ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში საომარ მოქმედებებს წყვეტს

3 აპრილი, 2016 • 1271
ბაქო აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში საომარ მოქმედებებს წყვეტს

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის, ჰაფიზ ჰაიდაროვის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარ მოქმედებებს წყვეტს. აზერბაიჯანი საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებებს ითვალისწინებს, ცალმხრივად შეაჩეროს კონტრშეტევები ამ ტერიტორიებზე.

თუმცა მინისტრი იმასაც აღნიშნავს, რომ თუ სომხეთის სამხედრო ძალები არ შეაჩერებენ საომარ მოქმედებებს, აზერბაიჯანული მხარე განაახლებს ოპერაციას.

ოფიციალური მონაცემებით, 18 სომხეთის და 12 აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა 2 აპრილის ღამეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში.

2 აპრილს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები გააქტიურდა. შედეგად ჩამოგდებულია აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი. ბაქოს ცნობით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა და პოზიციების გამაგრებას ცდილობს. ამ საკითხზე საპასუხო განცხადება ერევანს არ გაუკეთებია.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი