ბათუმის ბულვარში გაჩენილი ხანძრის შედეგად კორტების ადმინისტრაციული შენობის 120 კვ.მ მეტრი ფართობის სახურავი დაიწვა.

ხანძრის გაჩენის თაობაზე შეტყობინება აჭარის სახანძრო სამსახურში 14:00 საათისთვის შევიდა. იმ დროისათვის შენობაში კორტების ადმინისტრაციის თანამშრომლები და დამსვენებლები იმყოფებოდნენ, მათგან არავინ დაშავებულა.

მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას სახურავიდან ცდილობდნენ, მათთან ერთად შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.

ჯერ დაუდგენელია ხანძრის გამომწვევი მიზეზები, შესაბამის მოკვლევას პოლიცია აწარმოებს.

ბათუმის კორტები ბულვარის ცენტრალურ ნაწილში 1950 წელს მოეწყო, 1998 წელს კი მისი რეკონსტრუქცია მოხდა. განახლებულ კომპლექსში რვა ღია ხელოვნურსაფარიანი კორტია 1500 ადგილიანი ტრიბუნით, აღდგენითი ცენტრი, ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობა და  სასტუმრო. კომპლექსი 1,5 ჰა ტერიტორიაზეა გაშენებული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *