პროკურატურა: 12 წლის წინ მომხდარი დავით ოთხმეზურის მკვლელობა გახსნილია

საქართველოს მთავარი პროკურატურა აქვეყნებს განცხადებას, სადაც საუბარია, რომ გახსნეს თბილისში 2004 წლის 27 ოქტომბერს მომხდარი დავით ოთხმეზურის  მკვლელობა. განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულია ასლან ბეჟანიძე.

პროკურატურა აცხადებს, რომ მკვლელობის გამოძიება 2004 წელს დაიწყო, თუმცა ვერ გაიხსნა, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმრავალ ადგილას იყი ჩადენილი. როგორც განცხადებიდან ირკვევა, პროკურატურა ამ საქმეს 2015 წლის მარტში დაუბრუნდა:

“ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მოძიებული და დაკითხული იქნენ მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 12 წლის წინ ჩადენილი გახმაურებული მკვლელობის გარემოებები.

კერძოდ,  გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ  დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დავით ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი  გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ოთხმეზური გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა,”- აცხადებს პროკურატურა.

ასლან ბეჟანიძე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით 2016 წლის 26 მარტს დააკავეს.  მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.