ელისაშვილი პროკურატურის დასკვნაზე: ჩაფარცხვაზე მუშაობდნენ და ჩაფარცხეს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა საქართველოს პროკურორის მიერ დღეს გამოქვეყნებულ დასკვნაზე ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ პროკუტრატურა ამით ვერავის დააჯერებს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, მან ამ ისტორიაში საკუთარ მიზნებს მიაღწია და ახლა აპირებს, მიმართოს თავისუფალ დემოკრატებს, რათა ამ საკითხზე საპარლამენტო კომისია შეიქმნას.

დასკვნაში, რომელიც პროკურატურამ 18 მარტს გამოაქვეყნა, წერია, რომ  საქმეზე ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ე.წ. კოკაინის საქმეზე’ მსჯავრდებულ პირებსა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ დასახელებულ პოლიტიკოსებს, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს  შორის შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით კორუფციული გარიგება. პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

“ასეთივე მოლოდინი და ვარაუდი მქონდა და დადასტურდა –  ჩაფარცხვაზე მუშაობდნენ და ჩაფარცხეს, ოღონდ ეს გააკეთეს ძალიან არასერიოზულად, ძალიან სასაცილოდ და სამარცხვინოდ. ვერსად ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს, ვერსად ვერაფერი ვერ ნახეს. ბესელიასთან არანაირი კონტაქტი არ დასტურდებაო, როცა ფეისბუკში ამოვუბეჭდე უზარმაზარი მიმოწერა, სადაც ბესელია მეუბნება, რომ გირეკავ, ვერ გიკავშირდები, მერე ადამიანი გამოგიგზავნე და მან გადმოგცა ჩემი დანაბარები; ადვოკატთან მიმოწერა მივუტანე, სადაც ადვოკატი ბესელია-კობახიძის პირით მეკონტაქტებოდა, ვერაფერი ვერ ნახეს საერთოდ. ძალიან არასერიოზულია, არ ვიცი, თუ ჰგონია, რომ ამით ვინმე დააჯერა პროკურატურამ, ჩემი აზრით, ძალიან ცდება.

ჩემთვის როგორ არის, იცით? მე ძირითად მიზნებს მივაღწიე ამ ისტორიაში. სამართლებრივი შედეგი რომ არ დადგებოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი, ამ ხელისუფლების პირობებში. მე დავაზღვიე საზოგადოება, დავაზღვიე თუნდაც საპატრიარქო და პატრიარქი, როდესაც პატრიარქის ზურგსუკან აპირებდნენ ამ კორუფციული სექმის ამოქმედებას, პატრიარქისთვის შეწყალების უფლების გადაცემის შემთხვევაში. აი, მაშინ ავყვირდი მე, მაშინ ვთქვი ეს ყველაფერი. საპატრიარქოც დაზღვეულია, საზოგადოებაც დაზღვეულია, შეწყალების კომისიაც დაზღვეულია იმიტომ, რომ მსგავს რაღაცებს ვეღარ გაუბედავენ. და ინსტიტუციურადაც, შეწყალების პროცესი დაზღვეული არის და ხალხმა გაიგო, ვინ არიან სინამდვილეში ბესელია-კობახიძე. რა თქმა უნდა, ჩემი ნერვების, ჩემი რეპუტაციის ხარჯზე, მაგრამ ამაზე ხმას არ  ვიღებ, ეს ასეც უნდა იყოს. ამდენად, მთავარს მივაღწიე.

ახლა ვაპირებ, თავისუფალ დემოკრატებს ვთხოვო, პარლამენტში დადგეს კომისიის შექმნის საკითხი და შემდეგ უკვე, მუდმივი არაფერი არ არის. წინა ხელისუფლებაც გვეუბნებოდა, რომ ვითომ გირგვლიანის შემთხვევაში სხვაგვარად იყო საქმე, მაგრამ დადასტურდა მერე, რომ თურმე სხვანაირად ყოფილა. ასევე გაირკვა ყველაფერი,”- ამბობს ელისაშვილი.

მისივე თქმით, სამარცხვინოა, რომ პროკურატურამ მის მობილურ ტელეფონში მესიჯების აღდგენა ვერ მოახერხა:

“სამარცხვინოა, 4 მესიჯი როგორ ვერ აღადგინეს. ტექნიკური საშუალება არ გვაქვს, რომ აღვდგინოთო, ეს არის ძალიან სასაცილო. თვენახევარი მალავდნენ ამ დასკვნას, როცა თვენახევრის წინ ჰქონდათ ეს დასკვნები დადებული. ძალიან გთხოვთ, თქვენც და სხვა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნებინეთ შვედურ კომპანიასთან მიმოწერა. უბრალოდ მოკვდებით სიცილით, 2-2 წინდადადება არის მიწერ-მოწერა,”- განაცხადა მან.