ლადო პაპავა: ის [პატრიარქი] არაფერში არ ჩარეულა

უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ რექტორმა ლადო პაპავამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ნეტგაზეთის შეკითვაზე, თუ რა შეხვედრა ჰქონდა რექტორს სვეტიცხოველში უნივერსიტეტთან დაკავშირებით, პაპავამ განაცხადა:

“სვეტიცხოველში საუბარი არ იყო, დღეს გვქონდა პატრიარქთან შეხვედრა. მას აინტერესებდა რექტორისგან მოესმინა, რა ვითარებაა უნვერსიტეტში. მოისმინა. ბოლოს მოგვიწოდა ლოცვისაკენ. გვთხოვა, რომ 6 საათზე მივსულიყავით სვეტიცხოველში, სადაც იყო მსახურება და შევერთებოდით. მძიმე მარხვაა ამ კვირაში და მისი მოწოდება იყო სიმშვიდისკენ”, – განაცხადა პაპავამ.

თსუ-ს რექტორი ამბობს, რომ უნივერსიტეტის საქმეებში საპატრიარქო არავის არ ჩაურევია:

“არავის არ ჩაურევია [საპატრიარქო]. ეს იყო მისი ინიციატივა შეხვედროდა უნივერსიტეტის რექტორს. მადლობის მეტი რა მეთქმის. ის არაფერში არ ჩარეულა. უბრალოდ, მიიღო ჩემგან ინფორმაცია და მთხოვა, რომ ლოცვაზე შევერთებოდი მას”.

თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ დღეს განათლების სამინისტროში შეხვედრა მის დასრულებამდე დატოვა და განაცხადა, რომ სვეტიცხოველში მიდის. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ დატოვა თსუ-ს რექტორმა შეხვედრა მის დასრულებამდე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ასე უპასუხა: “ის სხვა, მნიშვნელოვან შეხვედრაზე წავიდა ამავე თემაზე”.

ლადო პაპავამ აკადემიური საბჭოს ღამის შეკრების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გადადგომის საკითხი არ დგას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ ამ ბმულზე.