დონდუა: რუსეთთან მიმართებაში პრაგმატიზმი არ გასცდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთ განცხადებებს აკეთებენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით ამას”,- ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა ნეტგაზეთთან საუბარში.

მისი თქმით, საქართველოს რუსეთის მიმართ საკმაოდ პრაგმატული პოლიტიკა აქვს:

“ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, ჩვენი პოლიტიკა, რომელიც არის საკმაოდ პრაგმატული რუსეთთან მიმართებაში, რამდენადაც შესაძლებელია, და ამას ყველა ხედავს, მათ შორის რუსები. მაგრამ ეს ჩვენი პრაგმატიზმი არ გასცდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს – ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ქართველი ხალხის არჩევანი – გახდეს ევროპული ნაწილი”.

პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის მხარეების შეხვედრამდე, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა მედიასთან საუბარში საქართველოსთან ურთიერთობებზე განცხადება გააკეთა. კარასინი ამბობს, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის საქართველოს ხელისუფლების ანტირუსული რიტორიკა მიუღებელია. კარასინმა საქართველოსთან შესაძლო კონფრონტაციაზეც ისაუბრა.