საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი 80 დეპუტატიდან ერთის ხელმოწერის ნამდვილობა დაუდასტურებელია

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2016 წლის 15 მარტს გამართულ სხდომაზე საკონსტიტუციო კანონის პროექტზე პარლამენტის წევრების ხელმოწერის ნამდვილობა განიხილა.

კომიტეტის დასკვნის თანახმად, კანონპროექტის ინიცირების ხელმომწერი 80 დეპუტატიდან 79-ის ნამდვილობა დადასტურდა:

” ქალბატონი გუგული მაღრაძე, რომლის სახელითაც არის ხელმოწერა გაკეთებული, საქართველოში არ იმყოფება. მასთან დაკავშირება ვერ შევძელით, მას თავად არ დაუდასტურებია, რომ ხელმოწერა მას ეკუთვნის. ეს არ ნიშნავს, რომ ხელმოწერა გაყალბებული იყო. დიდი ალბათობით ხელმოწერა სწორედ მას ეკუთვნის. ვინაიდან მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, ვთქვით, რომ ეს ხელმოწერა დადასტურებული არ არის,” – ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი.

ინიციატივის მიხედვით, “ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.”

“არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, კონსტიტუციური ნორმა ჩამოყალიბდეს უფრო მკაფიო და ნათელი ფორმულირებით, რაც ნათლად გამოხატავს ნორმის შინაარსს და მოხსნის ამ ნორმის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულ კითხვებსა და წუხილებს საზოგადოების დიდ ნაწილში,”- აღნიშნულია კანონპროექტის განამრტებით ბარათში.

საკონსტიტუციო ცვლილებეს “რესპუბლიკური პარტია” მხარს არ უჭერს. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის აზრით, ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პოლიტიკური შეცდომაა .

კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

   

მოვლენათა ქრონოლოგია