2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 30 ივნისს, დაიწყება და 21 ივლისამდე გაგრძელდება.
პირველ გამოცდას აბიტურიენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 ივნისსა და პირველ ივლისს ქართულ ენასა და ლიტარატურაში ჩააბარებენ. 4 და 5 ივლისს გამოცდა ზოგად უნარებში ჩატარდება.
სხვა საგნებში გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია:
6 ივლისი (მეორე სესია) – უცხოური ენა (ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა);
7 ივლისი და 8 ივლისი (მეორე სესია) – უცხოური ენა (ინგლისური ენა);
11 ივლისი (მეორე სესია) – უცხოური ენა (რუსული ენა);
12 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) – ისტორია;
13 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) – მათემატიკა;
14 ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;
15 ივლისი (პირველი სესია) – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
18 ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია;
19 ივლისი (მეორე სესია) – გეოგრაფია;
20 ივლისი (პირველი სესია) – ქიმია;
21 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პირველი სესიისათვის რეგისტრაცია იწყება 08:00 საათზე, გამოცდა –09:00 საათზე; მეორე სესიისათვის რეგისტრაცია–14:00 საათზე, გამოცდა –15:00 საათზე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში, სამინისტროს ინფორმაციით, აღარ დაიშვება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნულ გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე აბიტურიენტებისთვის სამინისტროს ვებ–გვერდსა და ფეისბუქის გვერდებზე გამოცდებზე სხვადასხვა წესის ნუსხაც შეადგინა. მაგალითად, ერთ–ერთი წესის მიხედვით, აკრძალულია კურატორის ან მეთვალყურისათვის ტესტის შინაარსთან დაკავშირებული კითხვების დასმა. ამ დროს აბიტურიენტი, წესების მიხედვით, ჯერ გაფრთხილებას მიიღებს. დარღვევის განმეორების შემხვევაში კი, აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნება.
გამოცდაზე აბიტურიენტს ასევე ეკრძალება მერხზე პირადობის მოწმობის, გელიანი კალმის, (რომელიც გამოცდამდე დაურიგდებათ) ტესტის რვეულისა და პასუხების ფურცლის გარდა, რაიმე სხვა ნივთის დადება.
