მედიაპალიტრა: შესაძლებელია, 19 გამოცემის დაბეჭდვა შეფერხდეს

„საწყობები, სადაც ქაღალდი გვაქვს, დალუქულია. მართალია, შემოსავლების სამსახური ამას უარყოფს, მაგრამ ჩვენ ეს გადაღებული გვაქვს“, ამბობს „მედიაპალიტრას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და კრეატიული სექტორის დირექტორი მარიკა დარჩია  „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.

“მედიაპალიტრას” ცნობით, ამ ჰოლდინგში შემავალ ექვს ორგანიზაციაში, რომლებსაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსი აქვთ, დღეს შემოსავლების სამსახურმა არაგეგმური შემოწმება დაიწყო.

 

მარიკა დარჩია
მარიკა დარჩია

ბოლო ცნობები გვაინტერესებს, თქვენი ინფორმაციით, რამდენად გეგმურია ეს შემოწმება?

არ ვთვლით, რომ გეგმურია. შეუძლებელია, 6 სხვადასხვა შპს-ში ერთდროულად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეხვიდე. ესენი არიან დამოუკიდებელი სამსახურები, რომლებსაც აქვთ თავიანთი ფუნქციები და ამოცანები. ისინი შემოდიან “მედიაპალიტრას” შემადგენლობაში. ეს ის სტრუქტურებია, რომლებიც უზრუნველყოფენ მედიის გამართულ მუშაობას: ქაღალდის საწყობი, სტამბა. წიგნებიც ჩვენი ერთ-ერთი ბიზნესია.

ეს ექვსი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა?

დიახ, თავისის დამოუკიდებელი დირექტორებით, საბუღალტრო ანგარიშებით და თავიანთი საქმიანობით. გავრცელების სამსახურები, გამომცემლობა, სტამბა, საწყობი, დამოუკიდებელი სტრუქტურაა. თვითონ ამბობენ, რომ ეს არის გეგმური შემოწმება და ასე რომ ყოფილიყო, ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა. შეემოწმებინათ, მაგალითად, იანვარში გავრცელების სამსახური, შემდეგ სხვა შპს და ასე შემდეგ. ეს იქნებოდა გეგმური შემოწმება. მაგრამ ექვს, რაღაც ძაფით შეერთებულ სამსახურს ერთდროულად როცა ამოწმებ, შეიძლება ეჭვები დაებადოს ადამიანს. თან არ ეხები ამ სტრუქტურაში ყველაზე დიდ მედიასაშუალებებს, ანუ ბეჭდვით სტრუქტურებს, ინტერნეტ გამოცემებს, რადიოს. ეხება მხოლოდ განსხვავებულ შპს-ებს, რომლებიც შედიან “მედიაპალირტას” ქოლგის ქვეშ, მაგრამ უზრუნველყოფენ მედიის გამართულად მუშაობას.

საწყობები, სადაც ქაღალდი გვაქვს, დალუქულია. მართალია, შემოსავლების სამსახური ამას უარყოფს, მაგრამ ჩვენ ეს გადაღებული გვაქვს. თუ ეს დალუქვა გაგრძელდა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, შეფერხდეს გაზეთის დაბეჭდვა.

კვიის პალიტრასდაბეჭდვა?

არა მარტო „კვირის პალიტრა“. „სიახლე“, ‘ჯორჯიან ჯურნალი“ „”ლელო“, “გზა”, “რეიტინგი”, დაახლოებით 19 გამოცემაა და მათ ყველას სჭირდება ქაღალდი, სტამბა.

თუ მიმართეთ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას?

ჯერჯერობით მშვიდად ვართ და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის არ მიგვიმართავს. ვუყურებთ, როგორ წარიმართება პროცესი.

ხელისუფლების რომელიმე რგოლიდან ხომ არ ყოფილა გამოხმაურება?

არა, არ ყოფილა.

ეს შემოწმება ხომ არ არის დაკავშირებული იმასთან, ამ ჰოლდინგის ჟურნალისტებმა 26 მაისი ღამეს როგორც იმუშავეს?

ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა იმუშაოს ნამდვილმა, ნორმალურმა, მიუკერძოებელმა საინფორმაციო საშუალებამ. ფაქტებს, რაც ხდება, ნამდვილად ხელს ვერ დავაფარებთ.

უკავშირებთ ამ პროცესებს 26 მაისს?

არ მინდა დავუკავშირო, მაგრამ თუ ეს გაგრძელდა, მაშინ ნამდვილად გვაქვს საფუძველი, ეს კავშირები ვეძებოთ. ეჭვები გვაქვს.