“ძალიან პრობლემური განცხადებაა. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არაა, თავისთვისაა”, – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას.
კობახიძის თქმით, მან არ იცის რა აქვს სათქმელი ღარიბაშვილს. არც ის იცის, არსებობს თუ არა ახალი სისხლის სამართლის საქმე ღარიბაშვილის წინააღმდეგ, რის შესახებაც ექსპრემიერის წერილშია საუბარი. მისი თქმით, სამართალდამცველებმა უნდა თქვან, იგეგმება თუ არა ახალი ბრალის წარდგენა ღარიბაშვილის მიმართ.
“ვნახე [ღარიბაშვილის] განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი. ვიცი რომ განაჩენი დამდგარია და სამართალდამცველების საქმეა. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს მათ შორის იმიტომაც რომ ის ჩემი წინამორბედია ამ თანამდებობაზე და ეთიკურადაც არ იქნება სწორი მისი განცხადებების შეფასება”, – თქვა კობახიძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცულია და თეორიულადაც ვერ ხედავს რა რისკები შეიძლება არსებობდეს ამ ადამიანების მიმართ.
მისივე თქმით, გუშინ ბიძინა ივანიშვილთან ისაუბრა, თუმცა არა ღარიბაშვილის საკითხზე.
ექსპრემიერი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ.
ღარიბაშვილი ამ მოთხოვნას ღირსების შემლახავ ქმედებად მიიჩნევს და, როგორც ჩანს, მასზე უარის თქმას აპირებს.
“ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა. სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილი, რომელიც ივანიშვილის მთავრობაში ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, მიმდინარე წლის იანვრიდანაა პატიმრობაში.
საქართველოს პროკურატურამ ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დამატებითი სასჯელის სახით მას დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.
„ქართული ოცნების“ ორგზის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც სხვადასხვა დროს იკავებდა შს და თავდაცვის მინისტრის პოსტებსაც, 2025 წლის 24 ოქტომბერს ბრალი წაუყენეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა საპროცესო შეთანხმებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
როგორც ღარიბაშვილის მიერ დღეს, 17 აგვისტოს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, მას სთავაზობენ, ახალი საქმე აიღოს თავის თავზე და აიმედებენ, რომ ამით მისი პატიმრობის წლები არ გაიზრდება.
„დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი:
1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ.
2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) – ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5- წლიანი ვადით, ანუ, როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო”, – ნათქვამია წერილში, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის დავალებით მიიღო.
