მთავრობამ გაყიდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი შენობა, რომელიც თავისუფლების მოედანთან ახლოს მდებარეობდა, შალვა დადიანის და კოტე აფხაზის ქუჩებზე.
შენობა აუქციონის წესით გაიყიდა 34 810 000 ლარად. ჯერ უცნობია, რის მოწყობას გეგმავს მყიდველი შენობაში. უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, როგორც ცალკე სტრუქტურა გაუქმდა. მისი ფუნქციები საგარეო უწყებამ შეითავსა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს შეიქმნა. მისი დაარსების მიზანი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან (ნატო) ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობისათვის ამომწურავი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ამით მოსახლეობის გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება იყო. 2013 წლიდან კი ამ ამოცანას კიდევ ერთი მიმართულება დაემატა – ევროკავშირი და მის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული აქტივობები. ამ დროიდან მოყოლებული, მას ეწოდებოდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.
